სახალხო დამცველი ჟურნალისტის გათავისუფლებაზე

03 მარტი 2017, 00:00 1779 ნახვა

სახალხო დამცველი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან „მოამბის“ ჟურნალისტის ლაშა მესხის გათავისუფლებას ეხმიანება. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა წარმოადგენდეს განსხვავებული მოსაზრების და პროფესიული კავშირის წევრობის გამო დისკრიმინაციას. როგორც სახალხო დამცველისთვის არის ცნობილი, ლაშა მესხის გათავისუფლების საფუძველი მასთან დადებული ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლა გახდა. ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით, ის ერთადერთი გათავისუფლებული პირია, იმ 13 დასაქმებულიდან, რომელთა ერთთვიანი ხელშეკრულების ვადა ამოიწურა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ერთთვიანი ხელშეკრულების ვადის გასვლის მიზეზით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა და კანონის ფარგლებში სამსახურიდან გათავისუფლება არ გამორიცხავს დისკრიმინაციის არსებობის ვარაუდს. ხშირ შემთხვევაში, სამსახურიდან დისკრიმინაციული საფუძვლით გათავისუფლებისთვის სწორედ მოკლევადიანი ხელშეკრულებები გამოიყენება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ეკისრება პასუხისმგებლობა, წარმოადგინოს განსაკუთრებით წონადი არგუმენტები და დაასაბუთოს, რომ ჟურნალისტის სამსახურიდან გათავისუფლება არ მომხდარა დისკრიმინაციული საფუძვლით.

ამავე კატეგორიაში