წინასწარი მონაცემებით, გურიაში 300-ზე მეტი სახლი საცხოვრებლად უვარგისია, სარეზერვო ფონდიდან მოხდება კომპენსაციების დაფინანსება - გიორგი კაკაურიძე

25 სექტემბერი 2023, 13:38 455 ნახვა

საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, გიორგი კაკაურიძის განცხადებით, შოვსა და გურიაში სტიქიის დროს დაღუპულთა ოჯახები 20-ათასლარიან კომპენსაციას მიიღებენ.

მისივე თქმით, წინასწარი მონაცემებით,  გურიაში 300-ზე მეტი ოჯახი საჭიროებს გასახლებას, პარალელურად კი, სახლების შემოწმება გრძელდება. ამის შესახებ, მან დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა, სადაც 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები განიხილებოდა.

კაკაურიძის განცხადებით, კომპენსაციების დაფინანსება სარეზერვო ფონდიდან მოხდება.

„მთავრობამ ბიუჯეტი როცა განიხილა, პრემიერ-მინისტრმა კომპენსაციებზე გააკეთა განცხადება და შემიძლია, ეს განცხადება გავიმეორო. დაღუპულებთან მიმართებაში არის 20-ათასლარიანი კომპენსაცია. სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები დაიღუპნენ როგორც შოვში, ასევე, შემდეგ – გურიაში.

რაც შეეხება კომპენსაციის მეორე ნაწილს, ეს იქნება საცხოვრებელი სახლები გურიაში. ზუსტი რაოდენობა არ ვიცით. წინასწარი მონაცემებით, 300-ზე მეტი სახლი საცხოვრებლად უვარგისია. 500-მდე სახლის შესწავლა მიმდინარეობს. უკვე დადასტურებულია, რომ 300-ზე მეტი საჭიროებს გასახლებას. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ, რომ სარეზერვო ფონდი იზრდება, სარეზერვო ფონდიდან მოხდება ამ კომპენსაციების დაფინანსება"- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში