ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, რაჭასა და გურიაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს 20 მლნ ლარი მოხმარდება.
მისივე თქმით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20 მლნ ლარით იზრდება
"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი 20 მლნ ლარით იზრდება. ძირითადად, ეს მიმართულებები იქნება სტიქია და სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლა როგორც რაჭაში, ასევე გურიაში. აღნიშნული 20 მლნ ლარიც მოხმარდება სტიქიის ლიკვიდაციის სამუშაოებს“, - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.
ფინანსთა მინისტრის განცხადებით, გურიაში, სტიქიით დაზარალებულთა საცხოვრებელი სახლების შესწავლა აქტიურად მიმდინარეობს.
"შესაბამისი ბრძანებულება გამოცემულია, ეს არის კომპენსაციების გადახდა ოჯახებისთვის, რომლის წევრებიც დაიღუპნენ, ამ ნაწილში აღნიშნული თანხები სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა. გარდა ამისა, ხარჯი გაიწევა სტიქიის მიმართულებით, იმ ადამიანების ხარჯებს, რომლებიც ამ ეტაპზე გამოსახლებული არიან სახლებიდან და გურიაში სასტუმროებში ცხოვრობენ, სახელმწიფო ფარავს. გარდა ამისა, ეს ეტაპი დასრულებული არ არის, აქტიურად მიმდინარეობს იმ სახლების შესწავლა, რომლებიც დაცლას საჭიროებს და საცხოვრებლად არ გამოდგება. დღეს ვიცით, რომ ასეთი ოჯახების რაოდენობა 150-200-ზე მეტიცაა, მას შემდეგ, რაც სრულად იქნება აღწერილი აღნიშნული სახლები და სპეციალისტები იტყვიან კონკრეტულ სახლზე, სახიფათოა თუ არა, ცხოვრება შეიძლება თუ არა, ამის შემდეგ იქნება ანაზღაურება ან თანხობრივი, ან სახელმწიფო შეუძენს მათ ბინებს და გადასცემს იმის სანაცვლოდ, რომლის დატოვებაც მოუწევთ. იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან აქტიურად მიდის მუშაობა, საკმაოდ რთულია პროგნოზის გაკეთება, რა მასშტაბი იქნება, თუმცა, ეს იქნება რამდენიმე ათეული მილიონი ლარი“, - განაცხადა ხუციშვილმა.