რუსეთის შორეულ ჩრდილოეთში გამართული მოლაპარაკებების დროს ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თავის ქვეყანაში მიიწვია. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
რუსეთში კიმ ჩენ ინის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. დღეს ჩრდილოეთ კორეის ლიდერი სამხედრო საწარმოებს დაათვალიერებს. პუტინმა მიიღო კიმის მოწვევა - აღნიშნავს ჩრდილოეთ კორეული მედია, თუმცა არ აკონკრეტებს ვიზიტის დროს და ადგილს.
კიმი რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში სამშაბათს დილით სპეციალური დაჯავშნული მატარებლით ჩავიდა და რუსეთის ახალ კოსმოდრომზე ვოსტოჩნი პუტინთან პირისპირ მოლაპარაკებები გამართა. კიმი კოსმოდრომზე ვიზიტისას რუსული კოსმოსური ხომალდების ტექნიკურ დეტალებს გაეცნო.
პუტინთან მოლაპარაკებების შემდეგ არაფერი თქმულა მხარეებს შორის იარაღის მიწოდების, იარაღით ვაჭრობის ან შეიარაღების პროგრამების ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით რაიმე შეთანხმების მიღწევის შესახებ.