გურიაში, სტიქიის ზონაში, შემოწმებულია 504 სახლი, აქედან 278 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება - გიორგი ურუშაძე

13 სექტემბერი 2023, 12:05 709 ნახვა

გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის განცხადებით, სტიქიის ზონაში სალიკვიდაციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ადგილზე გეოლოგები მუშაობენ. 

მისივე ინფორმაცით, ბოლო მონაცემებით, შემოწმებულია 504 სახლი, აქედან 278 ოჯახი გასახლებას ექვემდებარება. ამ დრომდე რჩება ადგილები, სადაც არ მიეწოდებათ ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი. მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

"დღევანდელი მონაცემებით, დაახლოებით 1000 ოჯახს გაეწია უკვე ჰუმანიტარული დახმარება, აქტიურად მიმდინარეობს კომუნიკაცია ჩვენს მოქალაქეებთან. ფუნქციონირებს ცხელი ხაზი. მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები ყველა ლოკაციაზე. სამწუხაროდ, წერტილოვნად მაინც გვაქვს შეზღუდვები და რჩება ორი ლოკაცია ლანჩხუთში, სადაც გაწმენდითი სამუშაოები ჯერჯერობით ვერ ხორციელდება, რამდენიმე ოჯახი გზის გარეშეა დარჩენილი, თუმცა სპეციალისტების რეკომენდაციის შესაბამისად, აქაც აუცილებლად მოხდება გზების გაწმენდა, როგორც კი ამის შესაძლებლობა მოგვეცემა.

 

უსაფრთხო ადგილას უკვე გადაყვანილია 500 ოჯახი. სამწუხაროდ, არსებობენ კიდევ ისეთი ოჯახები, რომლებიც უარს აცხადებენ საცხოვრებელი ადგილების დატოვებაზე. მათთანაც მიმდინარეობს აქტიურად მოლაპარაკებები. მოსახლეობას შეუფერხებლად მიეწოდება მედიკამენტები, საკვები პროდუქტები, წყალი და პირველადი საჭიროების ნივთები.

 

ელექტროენერგიასა და გაზმომარაგებას რაც შეეხება, თითქმის ყველგან რეგიონის მასშტაბით აღდგენილია ელექტროენერგიის მიწოდება დარჩენილია მხოლოდ სოფელი კოკათი, 40 ოჯახი. გაზი 569 აბონენტს არ მიეწოდება. მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები. გეოლოგები ინტენსიურად მუშაობენ, ყველა ოჯახში ცდილობენ შესვლას, ეს მოცულობითი სამუშაოა და დღევანდელი მონაცემებით, შემოწმებულია 504 საცხოვრებელი სახლი, საიდანაც 278 სახლთან დაკავშირებით გაცემულია რეკომენდაცია, რომ იქ ცხოვრება არ შეიძლება“,- განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

მისივე განცხადებით, სოფელ ხორეთში ახალი ხიდი აშენდება, ასევე აღნიშნა, რომ ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთზე დროებითი ხიდი მოეწყობა.

„სოფელ ხორეთში ხიდი აუცილებლად აშენდება, თუმცა ამას ბუნებრივია სჭირდება დრო. წყლის დონემ დაიწია და ახლა მიმდინარეობს პროცესი ალტერნატიული დროებითი სამანქანე და საფეხმავლო გზის მოსაწყობად. მასალები შეძენილია. ჩვენი რეგიონის თითოეულ მოსახლეს მინდა, ვუთხრა, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება სახელმწიფოს მხრიდან ყურადღების გარეშე. რაც შეეხება ოზურგეთი-ჩოხატაურის დამაკავშირებელ გზის მონაკვეთს, უკვე დაწყებულია დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოები და უახლოეს დღეებში გადაადგილება იქნება შესაძლებელი უსაფრთხოდ და თავისუფლად. მანამდე კი შეგვიძლია ვისარგებლოთ შემოვლითი გზით“, – განაცხადა გიორგი ურუშაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში