საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის გიორგი მსხილაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ მმართველმა გუნდმა უნდა განმარტოს, რატომ ახორციელებენ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის პირდაპირ მესიჯბოქსს და რომ მათ საქართველოში პრეზიდენტის აქტივობის გარდა, ყველაფერი აკმაყოფილებთ.
„პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი სჯობს, რომ ჩაეტიოს თავისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში. არ მგონია, რომ მისი მხრიდან საქართველოს ხალხის მიერ არჩეული პარლამენტის წევრების ასეთი შეფასებები იყოს შესაბამისი, ამიტომ მას მოვუწოდებ, რომ იყოს კორექტული“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განმარტებით, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ხდება კონსტიტუციის განზრახ და უხეშად დარღვევა, ამას ჰქონდეს სათანადო შეფასება, ვინაიდან ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება კონსტიტუციასთან.
„როცა ვსაუბრობთ კონსტიტუციაზე, ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის ძირითად კანონზე. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ხდება ამ კანონის განზრახ და უხეშად დარღვევა, ამას ჰქონდეს სათანადო შეფასება, ვინაიდან ეს უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებისა და სახელმწიფოს დამოკიდებულება კონსტიტუციასთან. იმპიჩმენტის პროცესს, მათ შორის, მომავლისთვის სიცხადის შეტანის აუცილებლობა განაპირობებს. რაც ჩვენ ამ დღეებში ამ ქმედებასთან დაკავშირებით მოვისმინეთ, მათ შორის, ოპოზიციისა და სამწუხაროდ, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის მხრიდან, კიდევ ერთხელ აჩვენებს თუ რამდენად უდიერად ეპყრობიან ეს ჯგუფები ჩვენს კონსტიტუციას. ამბობენ, რომ „კონსტიტუცია კი შეიძლება დაირღვა, მაგრამ...“. ეს „მაგრამ“ დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიერ დაწესებული წესების უხეში და განზრახ დარღვევის მიმართ, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად მიუღებელია. ამიტომ იყო ჩვენი რეაგირება მნიშვნელოვანი, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინოს და სამართლებრივი შეფასება მისცეს ამ ქმედებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.