საქართველოში ჯოზეფ ბორელის ვიზიტი დაიწყო

07 სექტემბერი 2023, 17:08 485 ნახვა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოშია.

ჯოზეფ ბორელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.

როგორც დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ხელისუფლება ბორელს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას 12 რეკომენდაციის შესრულების თაობაზე.

„ვიზიტს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა - ერთი მხრივ, შესაძლებლობა გვექნება უკვე საქართველოში დეტალურად ვესაუბროთ იმ უზარმაზარი გაწეული სამუშაოს შესახებ, რომელიც შეეხება საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას. ვფიქრობ, უმაღლეს დონეზე ძალიან საინტერესო შეხვედრები იქნება. მეორე მხრივ არის უსაფრთხოების კუთხით რეგიონში არსებული სიტუაცია და ბორელის ვიზიტი სპეციალური გზავნილია, რომ ევროკავშირისთვის ჩვენს რეგიონში მშვიდობა და უსაფრთხოება წარმოადგენს მაღალ პრიორიტეტს. სწორედ ამ ორი განზომილებით იქნება მთავარი აქცენტები გაკეთებული. მას შეხვედრები ექნება ყველა უმნიშვნელოვანეს სახელმწიფო წარმომადგენელთან. ვფიქრობ, ეს ვიზიტი ცალსახად მოიტანს ახალ იმპულსს ერთი მხრივ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში, ხოლო მეორე მხრივ მნიშვნელოვანი ზეგავლენა ექნება შესაბამის გადაწყვეტილებებზე"- განაცხადა დარჩიაშვილმა.

ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ჯოზეფ ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. 

ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტი ასევე შეხვდება პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი