საერთაშორისო ბაზრებზე შემცირებულმა სურსათის ფასებმა და გაიაფებულმა საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებამ საქართველოში ინფლაცია შეამცირა - ეროვნული ბანკი

06 სექტემბერი 2023, 13:16 485 ნახვა

2023 წლის აგვისტოში წლიურმა ინფლაციამ 0.9% შეადგინა, ხოლო ივლისთან შედარებით, ფასებმა 0.7%-ით მოიმატა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბალ ინფლაციას დიდწილად ეგზოგენური შოკების ეტაპობრივი ამოწურვა განაპირობებს. კერძოდ, საერთაშორისო ბაზრებზე შემცირებული სურსათის ფასები და გაიაფებული საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულება საქართველოს ბაზარს გადმოეცა და ინფლაცია შეამცირა.

„ბოლო პერიოდში ბენზინის ფასების მატების მიუხედავად, წინა წელთან შედარებით, მისი დონე 22.0%-ით არის შემცირებული, რამაც წლიურ ინფლაციაში უარყოფითი 0.9 პროცენტულპუნქტიანი წვლილი შეიტანა. ამავდროულად, წლიურად 31.1%-ით არის გაიაფებული დიზელის ფასიც, რისი გავლენაც ინფლაციაზე უარყოფით 0.4 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა.

 

აგვისტოში სურსათის ფასები წლიურად 2.2%-ით არის გაზრდილი. გაძვირებული სურსათიდან გამოსარჩევია მწვანილი და ძროხის ხორცი, რომელთა ჯამური წვლილი წლიურ ინფლაციაში 0.9 პროცენტული პუნქტი იყო, ხოლო გაიაფებული სურსათიდან აღსანიშნავია მზესუმზირის ზეთი და პური. ამ ორი პროდუქტის გაიაფებამ ინფლაცია ჯამში, 1.1 პროცენტული პუნქტით შეამცირა. აგვისტოში დანარჩენი პროდუქტებიდან გამოსარჩევი ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების გაიაფება იყო, რაც ჯამში, ინფლაციას 1.0 პროცენტული პუნქტით ამცირებდა, ხოლო გაზრდილი საბანკო მომსახურების და ბინის დაქირავების ღირებულება ინფლაციას შესაბამისად, 0.4 პროცენტული პუნქტით და 0.2 პროცენტული პუნქტით ზრდიდა. საბაზო ინფლაცია, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლებისა და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, შემცირდა და 2.5% შეადგინა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის ანგარიშში.

როგორც ცენტრალურ ბანკში განმარტავენ, ინფლაციის შემცირებას მეტწილად იმპორტული ინფლაციის კლება განაპირობებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში იმპორტულ ინფლაციას, ძირითადად, მკვეთრად კლების ტენდენცია აქვს, რასაც საერთაშორისო ბაზრებზე სასაქონლო პროდუქტების ფასების და საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯების შემცირებასთან ერთად, გამყარებული გაცვლითი კურსი უწყობს ხელს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი