დიდუბე-ავჭალის გადასარბენზე, ქსნის ქუჩის მიმდებარედ, ლიანდაგზე დღეს გამთენიისას ფერდობიდან ქვის მასა ჩამოიშალა. მომხდარი ფაქტის შედეგად, დროებით შეფერხდა ბათუმი-თბილისის, თბილისი-ბორჯომის და თბილისი-ბათუმის მატარებლების მოძრაობა. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს რკინიგზის შესაბამისი სამსახურების მიერ ერთი ლიანდაგი ოპერატიულად გაიწმინდა და დროულად მოხერხდა მატარებლების მოძრაობის განახლება.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეორე მიმართულების ლიანდაგის გაწმენდითი სამუშაოები. სამუშაოების დასრულებისთანავე მოძრაობა მეორე ლიანდაგზეც უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით ჩვეულ რეჟიმში განახლდება. პარალელურად, მიმდინარეობს ქვათაცვენის ადგილმდებარეობის დათვალიერება და შესწავლა შესაბამისი სპეციალისტების მიერ", - აცხადებენ საქართველოს რკინიგზაში.
ფოტო: არქივი.