საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით, სტიქიის ზონაში დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკა უკვე 11 პრიორიტეტულ მდებარეობაზე აგრძელებს მუშაობას.
ირაკლი ქარსელაძის თქმით, სამუშაოები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს.
„დაგვემატა კიდევ რამდენიმე მდებარეობა. დღეის მდგომარეობით, უკვე 11 მდებარეობაზე მიმდინარეობს მძიმე ტექნიკით სამაშველო ოპერაციებში ჩართულობა. მაშველების მიერ ხდება შესაბამისი სამუშაოების განსაზღვრა, რომელშიც მძიმე ტექნიკა ერთვება. დაახლოებით 105 ერთეული მძიმე ტექნიკაა, რომელიც ჩართულია 11 მდებარეობაზე. სწორედ ამ წინა ჩართულობების შედეგი იყო, რომ მოხდა ხიდების აღდგენა, ალტერნატიული გზის მოწყობა, რამაც თავის მხრივ მოგვცა შესაძლებლობა, უკვე ახალ მდებარეობებზე გავსულიყავით.
ასევე მოვახერხეთ ის, რომ კოტეჯების არეალში, პირველ რიგში, სასადილოსთან მოხდა მისვლა მძიმე ტექნიკის მეშვეობით. სამუშაოები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. თავდადებით მუშაობენ და მადლობის ღირსი არიან მაშველები, ჯარი, ყველა ადამიანი, ყველა უწყება, რომელიც ამ პროცესში არის ჩართული. ასევე მძიმე ტექნიკის ოპერატორები, რომლებიც ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებენ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.