საქართველომ ხელი მოაწერა გზამკვლევს ყაზახეთსა და აზერბაიჯანთან, სრული გაგება გვაქვს, როგორ გავზარდოთ შუა დერეფნის წარმადობა, რკინიგზის, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა - ირაკლი ღარიბაშვილი

11 აგვისტო 2023, 21:14 963 ნახვა

საქართველომ ხელი მოაწერა გზამკვლევს ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან, სრული გაგება გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გავზარდოთ შუა დერეფნის წარმადობა, რკინიგზის, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა, – ამის შესახებ საქარველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ცენტრალურ ტელევიზიასთან (CCTV) ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს უნიკალური მდებარეობა აქვს. მას უნიკალური გეო-სტრატეგიული ადგილმდებარეობა აქვს და აღმოსავლეთს აკავშირებს დასავლეთთან. თან ეს ყველაზე მოკლე მარშრუტია. სხვაგვარად  რომ ვთქვათ, მაგალითად, დაახლოებით, 15 დღე სჭირდება საქონლის ტრანსპორტირებას ჩინეთიდან ევროპამდე. ამას ვამბობ ტრანსპორტირების სხვა საშუალებებთან შედარებით, – მაგალითად, საზღვაო გადაზიდვებს 45 დღე სჭირდება. ამიტომ, სხვაობა დიდია. პოტენციალი დიდია შუა დერეფნის განვითარებისთვის. ეს მიმართულება რამდენიმე ქვეყანას მოიცავს – ყაზახეთს, აზერბაიჯანს, საქართველოსა და თურქეთს. ახლა გეტყვით ჩვენი ხედვის თაობაზე. საქართველომ ხელი მოაწერა გზამკვლევს ყაზახეთთან და აზერბაიჯანთან. სრული გაგება გვაქვს იმის თაობაზე, თუ როგორ გავზარდოთ ამ დერეფნის წარმადობა, როგორ გავზარდოთ რკინიგზის, პორტებისა და სხვა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობა. საქართველოში მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვახორციელებთ, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალი. ახლა ვაპირებთ დავიწყოთ დიდი საპორტო პროექტი, ღრმაწყლოვანი პორტი, ანაკლია მაქვს მხედველობაში. ყველა ცხრა ფაზის განხორციელების შემდეგ, მისი წარმადობა დაახლოებით 100 მილიონი ტონა იქნება. რა თქმა უნდა, ვახორციელებთ  რკინიგზის მოდერნიზებას, რასაც ჩინური კომპანია ასრულებს. აღმოსავლეთ-დასავლეთის დამაკავშირებელი ჩქაროსნულ მაგისტრალსაც ჩინური კომპანიები აშენებენ. უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან ეფექტიანად მუშაობენ და ფასებიც კონკურენტული აქვთ. ჩვენ კმაყოფილი ვართ საქართველოში მათი მუშაობით. საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა, ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად.  უნდა ვიყოთ  კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლო მომავალში შუა დერეფანი იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად და ამისთვის საჭიროა კრეატიულობა და სწრაფი მოქმედება.

„საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა, ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ; საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება, ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად. უნდა ვიყოთ კრეატიული, უნდა ვიმოქმედოთ სწრაფად და, რა თქმა უნდა, სრული კოორდინაცია, სრული გახსნილობა და გამჭვირვალობა გვჭირდება“,– განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში