სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, ცოცხალი ძალის, სპეციალური აღჭურვილობის, ტექნიკის, იმაზე მეტი ძალებია მობილიზებული, ვიდრე შეიძლება იყოს გონივრული - მღებრიშვილი

10 აგვისტო 2023, 12:55 624 ნახვა

არაფერი დაგვიკლია - რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სპეციალური აღჭურვილობის, იმაზე მეტია მობილიზებული, ვიდრე გონივრული შეიძლება იყოს, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ აბსოლუტურად ყოველთვის, ნებისმიერ ინციდენტზე გათვლა გვაქვს ყველაზე უარესზე. რაც შეეხება უფრო სწრაფად ჩართვას და იმას, დავაკელით თუ არა რამე, ალბათ ძალიან სუბიექტურად ჩამითვლით, თუ ვიტყვი, რომ არაფერი დაგვიკლია, მაგრამ ამ ყველაფრის ქრონოლოგიურად ახსნა შემიძლია: სამი ვერტმფრენი იყო მობილიზებული, ერთი ქუთაისიდან, ორი თბილისიდან, რომლებიც დაუყოვნებლივ იყვნენ მზად გამოსაფრენად.

 

ქუთაისიდან მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე ვერ აფრინდა ვერტმფრენი, პარალელურად, თბილისიდან ჩამოსვლა მოვასწარით. პირველი ვერტმფრენი რომ ჩამოფრინდა, დაახლოებით 2 ტონა სპეციალური აღჭურვილობა ჩამოვიტანეთ, რომელიც მსგავსი ინციდენტების შემთხვევაშია აუცილებელი. არაფერი დაგვიკლია. რატომ არ მოვითხოვეთ დახმარება? - სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ რესურსი, როგორც ადამიანური, ისე სპეციალური აღჭურვილობის, სპეციალური ტექნიკის, სატრანსპორტო საშუალებების, სპეციალური სატრანსპორტო ტექნიკის, იმაზე მეტია მობილიზებული, ვიდრე გონივრული შეიძლება იყოს“,- განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

მისი თქმით, სითბური დრონების საშუალებით მოხდა იმ ლოკაციების აღმოჩენა, სადაც იყვნენ ადამიანები უსაფრთხო ადგილზე გახიზნულები, რომლებთანაც მთელი ღამე მაშველები და პოლიციელები იმყოფებოდნენ.

მღებრიშვილის განცხადებით,  პრემიერის გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი.

„ზოგადად, რა თქმა უნდა, არსებობს გონივრული ვადები, იმ ანალიზებზე დაყრდნობით, რომელიც შეიძლება კეთდებოდეს სტიქიური უბედურების ზონებში. თუმცა, პრემიერის დავალებით და გადაწყვეტილებით, სამძებრო სამუშაოები იმ დრომდე გაგრძელდება, ვიდრე იარსებებს თუნდაც მცირეოდენი შანსი იმის, რომ გარდაცვლილი იყოს ნანახი, ან თუნდაც რაიმეს სახის ფრაგმენტი“,- აღნიშნა მღებრიშვილმა.

მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ ყველაზე მეტი ცხედარი, დაახლოებით 12, ე.წ. კოტეჯების მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

მისივე თქმით, ამჟამად ინტენსიური სამუშაოები 10 ლოკაციაზე მიმდინარეობს.

მღებრიშვილის განცხადებით, სტიქიის ზონაში არსებობს დაავადებების რისკი, რის გამოც მეხანძრე-მაშველები პირადი დაცვის აღჭურვილობით მუშაობენ. როგორც მან პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ეს მსგავს სიტუაციებში გამოწვევა არის.

„ეს არის ჩვეულებრივი გამოწვევა მსგავს სიტუაციებში და არ არის ახალი. შესაბამისად, უსაფრთხოების ყველანაირ ზომებს ვიღებთ, რომ თუკი მსგავსი დაფიქსირდება, ამისთვის მზად ვიყოთ და ასევე, დაცულები. კონკრეტულ ლოკაციებზე, სადაც გარკვეული მინიშნებებია აღმოჩენილი, ფრაგმენტები და ასე შემდეგ, ჩვენი მეხანძრე-მაშველები პირადი დაცვის აღჭურვილობით მუშაობენ“,- განაცხადა მღებრიშვილმა.

კითხვაზე, გამორიცხავს თუ არა იმას, რომ შესაძლოა, ტურისტები ყოფილიყვნენ ადგილზე, რომელთა დაკარგვის შესახებაც ჯერ ინფორმაცია არ არსებობს, თემურ მღებრიშვილმა განმარტა, რომ ვერაფერს გამორიცხავს.

„რა თქმა უნდა, თეორიის დონეზე ვერაფერს გამოვრიცხავ და ვერც გადაჭრით ვიტყვი. თუმცა, გონივრული ვადა, ერთი კვირა ჩემი სუბიექტური მოსაზრებით საკმარისი დროა იმისთვის, რომ ადამიანმა მისი ახლობელი, ოჯახის წევრი მინიმუმ უნდა მოიკითხოს ლოგიკურად. თუმცა, დღეის მონაცემებით, დაკარგულების რიცხვი არ გაზრდილა და თუკი მსგავსი ინფორმაცია შემოვა, რა თქმა უნდა, ოპერატიულად გადამოწმდება და დადგინდება“,-განაცხადა მღებრიშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი