სამწუხაროდ, სტიქიასთან ერთად ამ დღეებში დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც გვიწევდა - შალვა პაპუაშვილი

09 აგვისტო 2023, 11:45 506 ნახვა

სამწუხაროდ, სტიქიასთან ერთად ამ დღეებში გვიწევდა დეზინფორმაციისა და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა თავისუფლად შეიძლება შეფასდეს ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმად, რომლის მიზანიც სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ არა საზოგადოების სახელით და მის საკეთილდღეოდ, არამედ საკუთარი კორპორატივისტული ინტერესებისთვის.

"დეზინფორმაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ეს არის თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, სწორედ ამიტომაც არსებობს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მილიონებს იღებს უცხოური დაფინანსებით, თითქოს დეზინფორმაციის მხილებისთვის და ყოველ ჯერზე, როდესაც საქართველო ხდება დეზინფორმაციული თავდასხმის ობიექტი, ან ჩუმად არიან, ან ამ დეზინფორმაციის მონაწილე არიან...

გაიხსენეთ, თუნდაც 2020 წლის არჩევნები და ისფედის თავგადასავალი. მაშინაც ვამხელდით და გვაბრალებდნენ, რომ ეს იყო თავდასხმა არასამთავრობო ორგანიზაციაზე. სხვა, ნებისმიერი კრიზისული მომენტი, როდესაც ეს ე.წ. ფაქტების შემმოწმებელი პროექტები, რომლებიც მილიონებს ხარჯავენ უცხოური დაფინანსებით ვითომ საქართველოს საკეთილდღეოდ, სინამდვილეში კი ეს არის წყალში გადაყრილი ფული უცხოელი გადასახადის გადამხდელებისა, ნაცვლად იმისა, ამ საქმით იყვნენ დაკავებული, ამ დროს არიან ყოველთვის ჩუმად. მათ არ უმხელიათ არცერთი ყალბი ბრალდება საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გვერდის ავლის შესახებ. იცით, რომ პარტია „დროას“ ლიდერს განსაკუთრებით ამ თემებზე რამდენიმე ბრიფინგი აქვს ჩატარებული. არცერთი ასეთი დაბრალება არ უმხელიათ ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც მილიონებს იღებენ თითქოს ამ საქმისთვის, რაც აჩვენებს, რომ ისინი არა საზოგადოების სახელით და მის საკეთილდღეოდ მუშაობენ, არამედ საკუთარი კორპორატივისტული ინტერესებისთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, სტიქიის შედეგად 20 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი, 13 დაკარგულს კი ამ დრომდე ეძებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში