მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში ერთ კვირაზე მეტია ტყის ხანძრებს ებრძვიან. სტიქიამ უკვე 50-მდე ადამიანი იმსხვერპლა.
ამ დრომდე ვერ ხერხდება ტყის ხანძრების ლოკალიზება საბერძნეთსა და იტალიაში. სტიქიის ზონიდან მოსახლეობისა და ტურისტების ევაკუაცია ხორციელდება.
საბერძნეთში, სტიქიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ტურისტულ სექტორს. ხანძარმა ტურიზმის გარდა ადგილობრივი ფერმერებიც დააზარალა. დაიწვა არაერთი ფერმა და საწარმოები.
განსაკუთრებულად მძიმე ვითარება იტალიის სამხრეთით მდებარე კუნძულ სიცილიაზე, სადაც ხანძრის 50-მდე აქტიური კერაა. ტყეში გავრცელებულმა ცეცხლმა მიაღწია პალერმოს დასახლებულ პუნქტებამდე, დაიწვა ეკლესია და დაიხურა აეროპორტი.
ხანძარი იყო ხორვატიის კუნძულ ჩიოვოზე, რის შედეგად 400 ჰექტარი ფართობი დაიწვა. მეხანძრეებმა მოახერხეს, რომ ცეცხლი საცხოვრებელ სახლებსა და შენობებზე არ გადასულიყო.
მეოთხე დღეა ხანძარს ებრძვიან მეზობელ თურქეთშიც. სტიქიის შედეგად განადგურებულმა ტერიტორიამ 120 ჰექტარს გადააჭარბა. კურორტ ქემერთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში 600-ზე მეტი ადამიანი, ათი თვითმფრინავი და 22 შვეულმფრენია ჩართული.