საქართველოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ პოლონელმა ექიმმა ჩამორთმეულ ახსნა-განმარტებაში თავად დაადასტურა მსჯავრდებულისგან აღებული ნიმუშის წინდაში განთავსებისა და გატანის მცდელობის ფაქტი.
მინისტრი მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებების გაკეთებისა და საზოგადოების მოტყუებისგან. განცხადებას ბრეგაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"დაინტერესებული ძალები მიზანმიმართულად ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და სიტუაციის იმგვარად წარმოჩენას, რომ თითქოს გასარკვევია ნამდვილად მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში გაჰქონდა პოლონელ ექიმს თუ უბრალოდ რაიმე ედო წინდაში და შემთხვევით შემოყვა. ფაქტი ჯიუტია, ჩვენ ვიყავით და ვართ ჩვენი პირობის ერთგული, შევუშვით პოლონელი ექიმები და გავატანეთ მათ ასევე ოფიციალურად აღებული ნიმუშები.", - წერს მინისტრი "ფეისბუქზე".