ყირიმის ხიდზე ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას რუსულ საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით „ბიბისის“ რუსულენოვანი რედაქცია ავრცელებს.
რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდზე მხოლოდ გზის საფარია დაზიანებული, თუმცა რამ გამოიწვია ხიდის დაზიანება, მიზეზი უცნობია.
რუსეთის მიერ დანიშნული ყირიმის ხელმძღვანელი სერგეი აქსენოვი შემთხვევას „საგანგებო ინციდენტს“ უწოდებს. მისივე თქმით, ადგილზე სამართალდამცავი ორგანოები და ყველა პასუხისმგებელი სამსახური მუშაობს.
ყირიმის ხიდზე თავდასხმასთან დაკავშირებით რუსეთში სისხლის სამართლის საქმე ტერორისტული აქტის მუხლით აღიძრა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ყირიმის ხიდზე ერთი მონაკვეთი ჩავარდა.
„ბიბისის“ რუსულენოვანი ბიუროს ცნობით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ყირიმის ხიდზე თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო საზღვაო ძალების სპეცოპერაციას წარმოადგენდა.