პასუხი აგებინეთ დამნაშავეებს - საერთაშორისო გამოხმაურებები

09 ივლისი 2023, 11:19 485 ნახვა

პრაიდ ფესტივალის“ ჩაშლას საერთაშორისო საზოგადოება ეხმაურება. გაერო გმობს ძალადობას და თავდასხმებს „თბილისი პრაიდის“  ღონისძიებაზე, – ამის შესახებ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს. „მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს და გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასთვის, მათ შორის, ლგბტქი+ პირებისთვის“, – წერს საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა. 

მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას საქართველოს ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებები. ძალადობა, დაშინება ან მუქარა განსხვავებული შეხედულებების გასაჩუმებლად არის არადემოკრატიული და ეწინააღმდეგება საქართველოს ტოლერანტობის, თანაგრძნობისა და პლურალიზმის ისტორიას. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, პასუხისგებაში მისცეს ყველა, ვინც კანონი დაარღვია და ნათლად აჩვენოს, რომ ძალადობა მიუღებელია“, – აღნიშნილია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. 

Tbilisi Pride-ის ფესტივალის გაუქმების გამო მწუხარებას გამოხატავს ევროკავშირის წარმომადგენლობა. გულდასაწყვეტია იმის დანახვა, რომ უსაფრთხოება და შეკრების თავისუფლება ვერ იყო უზრუნველყოფილი , - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაშია აღნიშნული. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაისაჯონ ისინი, ვინც ძალადობას ახალისებენ და ახორციელებენ.

სოციალურ ქსელში ეხმაურება  „პრაიდის ფესტივალთან“ დაკავშირებულ მოვლენებს  ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი. „კიდევ ერთხელ, ულტრამემარჯვენე ექსტრემისტებმა ძალადობრივად დაარღვიეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება საქართველოში. კიდევ ერთხელ, საქართველოს მთავრობასა და პოლიციას არ სურთ, ან არ შეუძლიათ, დაიცვან პრაიდის მონაწილეთა კონსტიტუციური უფლებები. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სისუსტის ნიშანია“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში