კრამატორსკზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა

28 ივნისი 2023, 10:03 512 ნახვა

უკრაინის ქალაქ კრამატორსკზე რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი რვამდე გაიზარდა, მათ შორის სამი ბავშვია. დაშავებულთა რიცხვი 56-ს აღემატება. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურზე დაყრდნობით წერს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულებს შორის სამი ბავშვია.

„28 ივნისს, 07:00 საათისთვის, დანგრეული კაფეს შენობის ნანგრევებიდან 8 გარდაცვლილის (მათ შორის 3 ბავშვის) ცხედარია ამოყვანილი, დაშავდა 56 ადამიანი (მათ შორის 1 ბავშვი) “, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის განცხადებაში.

შემთხვევის ადგილას სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ამ დრომდე მიმდინარეობს. 

საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ღამით უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ რეგიონის რამდენიმე ოლქში. ხელისუფლება მოსახლეობას რაკეტებისა და დრონების თავდასხმების შესახებ იტყობინებოდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა წუხელ უკრაინის ტერიტორიაზე მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელეს ირანული Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით.  

უწყების განმარტებით, მოწინააღმდეგის ქმედებების საპასუხოდ, უკრაინის თავდაცვის ძალების ავიაციამ, გასული დღე-ღამის განმავლობაში, რუსების კუთვნილი 6 სადაზვერვო დრონიც გაანადგურეს. ასევე 18 დარტყმა მიაყენა რუსული ძალების პერსონალის თავმოყრის ტერიტორიებს, 6 კი - საზენიტო სარაკეტო სისტემას. 

გენშტაბის ცნობით, რუსული ძალები შეტევით ოპერაციებს 4 მიმართულებით, ლიმანის, ბახმუტის, მარინკასა და შახტიორსკის მიმართულებებით ახორციელებენ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი