საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა არასწორი მიზნისთვის. ეს შეიზღუდება და ინ ვიტრო განაყოფიერების, სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, აღნიშნული კანონი მნიშვნელოვანია ქვეყანაში დემოგრაფიული ვითარების გაუმჯობესების კუთხითაც.
„კანონი საკმაოდ მნიშვნელოვანია და არ ეხება მხოლოდ სუროგაციას, ეს ეხება რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველანაირ საკითხს, მათ შორის ინ ვიტრო განაყოფიერებას. მოგეხსენებათ, მთავრობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი არის შესაბამისად მომზადებული ისე, რომ ინ ვიტრო განაყოფიერების და სუროგაციის შესაძლებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ.
ეს მნიშვნელოვანია დემოგრაფიული საკითხების გაუმჯობესების კუთხით. ამ მეთოდით შესაძლებელი თუ იქნება მოსახლეობის დემოგრაფიული პრობლემების მოგვარება, ჩვენ ვუშვებთ ამ შესაძლებლობას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის. ხშირ შემთხვევაში, გვქონდა მანკიერი პრაქტიკა ქვეყანაში, სამწუხარო ფაქტები როგორც ინ ვიტრო განაყოფიერების, ისე სუროგაციის შემთხვევაში, ასვე დიდი რისკები ქვეყნის გარეთ ბავშვების გაყვანასთან დაკავშირებით. არის სპეკულაციები, რომ რეგისტრაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში რაღაც კანონმდებლობა არსებობს, ახალშობილი ბავშვები იქ რეგისტრირდებიან, მშობლებიც მიეთითება, ამის მიუხედავად, არსებობს ბევრი შესაძლებლობა, რომ ბავშვი დაბადებამდე მოხვდეს ქვეყნის გარეთ და დაიბადოს სხვა ქვეყანაში. იქ, სადაც ამ ბავშვის გაშვილების, რეალურად, გასხვისების პოტენციური მოლოდინი აქვთ, სადაც სამწუხაროდ, ეს კომერციულ ნაწილად იქცა. ასეთი გზით საქართველოდან გადის როგორც ქართული გენი, ასევე საქართველოს მოქალაქეებს იყენებენ სხვადასხვა არასწორი მიზნისთვის. აქედან გამომდინარე, ეს შეიზღუდება და მომდევნო წლის პირველი იანვრიდან დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.
აზარაშვილმა განაცხადა რომ შესაძლოა, კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილონ.
„ჩვენ ორშაბათს გადავაგზავნეთ პარლამენტში. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი სპეკულაცია ამ თემასთან დაკავშირებით, მითქმა-მოთქმა, განსჯა, სხვადასხვა ტიპის არასასურველი ქმედება, ტექნიკურად თუ შესაძლებელი იქნება, შევეცდებით, კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებული ტემპით განვიხილოთ, რადგან ძალიან სენსიტიური საკითხია“, – აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.
მინისტრის განმარტებით, უნდა შეიზღუდოს ნებისმიერი მოქმედება, რომელიც შეიძლება, მაღალ რისკებს შეიცავდეს როგორც გაშვილებასთან, ისე ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, არასწორი ბიზნესის კეთებით ნებისმიერი ასეთი შესაძლებლობა უნდა შევზღუდოთ, ავკრძალოთ და თუ საჭიროა, ასეთი კლინიკები თუ ცენტრები უნდა დაიხუროს.
„ნებისმიერი პროცესზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ. შესაბამისად, უნდა გვქონდეს სრული კონტროლი. შეუძლებელია, ადამიანის გასხვისებას, გაყიდვას, ამ პროცესს ვადევნებდეთ თვალყურს და არანაირი ბერკეტი, მექანიზმი, კანონმდებლობა არ გვქონდეს. ცვლილება, რომელიც პარლამენტში გადავაგზავნეთ, ყველა იმ საჭიროებას ითვალისწინებს, რომელიც შეიძლება, დაკავშირებული იყოს ჩვენს მოქალაქეებთან. ცვლილებები გატარებული იქნება, მათ შორის აღრიცხვასთან დაკავშირებით, უნდა შეიქმნას რეესტრები. დონორების მოპოვებიდან დაწყებული, სუროგაციის ჩათვლით, პროცესი სრულად იქნება სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ, რათა წლების შემდეგ ძალიან მძიმე შედეგებამდე არ მივიდეთ. ეს პროცესი ძალიან საპასუხისმგებლოა“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.