რიკოთის უღელტეხილზე დაწესებული ავტოტრანსპორტის მოძრაობის სპეციალური რეჟიმი 17 ივნისიდან იცვლება. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპატამენტი ავრცელებს.
"ახალი რეჟიმის მიხედვით, 17 ივნისის დილის 6 საათიდან, რიკოთის საუღელტეხილო გზაზე (სურამის კვანძიდან ზესტაფონამდე) მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტის გადაადგილების პერიოდი 3 საათით გაიზრდება, კერძოდ: მსუბუქი და სამგზავრო ავტოტრანსპორტი იმოძრავებს 06:00 საათიდან 21:00 საათამდე. მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება კი, დაშვებული იქნება ორმხრივად, 23:00 საათიდან 05:00 საათამდე.
ამასთან, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე კვლავ გაგრძელდება 24 საათიანი მონიტორინგი.
შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა ზესტაფონის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
სპეციალური რეჟიმი რიკოთის საავტომობილო გზაზე აპრილიდან მოქმედებს“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.