ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. ალექსანდრ პროკუდინის თქმით, წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა, გრძელდება ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია. ოლქის ოკუპირებული ტერიტორიიდან ევაკუირებულ მოქალაქეებს რუსული მხარე ცოცხალ ფარად იყენებს.
მოქალაქეებს პანსიონატებსა და ბაზებში ასახლებენ, სადაც სამხედრო ქვედანაყოფებია განლაგებული. ამ გზით ისინი თავს იცავენ იერიშებისგან. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით კი, უკრაინული მხარე ყველაფერს აკეთებს დატბორილი ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაციისთვის. პრეზიდენტის თქმით, მტერი აღნიშნული მიმართულებით ამ დრომდე აგრძელებს სროლას.
„ყველამ ნახა, რომ რუსეთს არაადამიანები ხელმძღვანელობენ“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. დატბორილი ტერიტორიებიდან 40 ათასამდე ადამიანის ევაკუაციაა საჭირო, მათგან უმეტესობა კი ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფება, აცხადებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში. ცნობისთვის, კახოვკის ჰიდროელექტროსადგური რუსებმა 6 ივნისს ააფეთქეს.