მინდა საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის - გომელაური პოლიციელებს

31 მაისი 2023, 11:38 431 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დღე ღონისძიების სტუმრებსა და იმ პოლიციელებს მიულოცა, რომლებიც სამშობლოს ემსახურებიან.

„მოგესალმებით ბატონო პრემიერ-მინისტრო, პარლამენტის თავმჯდომარევ, დიპლომატიური კორპუსისა და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებო, ძვირფასო სტუმრებო, მოგესალმებით პოლიციელებო, ოფიცრებო და რიგითებო. დღეს აქ ჩვენ ყველა ერთად აღვნიშნავთ პოლიციელების დღეს, იმ ადამიანების დღეს, რომლებიც ყოველდღიურად, 24 საათის განმავლობაში ღირსეულად და ერთგულად ემსახურებით სამშობლოს, იცავთ საკუთარი ქვეყნის საზღვარსა და უსაფრთხოებას, საზოგადოებრივ წესრიგს, ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, ებრძვით კრიმინალს, იბრძვით ადამიანების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დასაცავად, მათი სიცოცხლის დასაცავად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხო აწმყოსა და მშვიდობიან მომავალს. ყველას გილოცავთ პოლიციელის დღეს...

დღეს ერთგვარი მადლიერების დღეა, მინდა კიდევ ერთხელ, ხმამაღლა, საჯაროდ და დამსახურებულად გითხრათ მადლობა უძილო ღამეებისთვის, სამშობლოსთვის თავდადებული სამსახურისთვის, დანაშაულთან დაუღალავი ბრძოლისთვის, საკუთარი ჯანმრთელობის და სიცოცხლის ფასად გადარჩენილი სხვა ადამიანების სიცოცხლისთვის.

ასევე მსურს, მადლობა გადავუხადო თქვენს ოჯახებს - გულშემატკივრობის, თანადგომისა და მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაურმა საერთაშორისო პარტნიორებს მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ განაგრძობს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიზნით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

 

უწყების ინსტიტუციური გაძლიერების, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის, საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის განვითარების და დონორთა კოორდინაციის მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან.

 

აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე გაგვიჭირდებოდა სამინისტროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელება. ჩვენ მათთან მრავალწლიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი
თანამშრომლობა გვაკავშირებს.

 

დღევანდელ ღონისძიებას ესწრებიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მინდა, პირადად ჩემი, შინაგან საქმეთა სამინისტროს და ქართული პოლიციის სახელით, ყველას დიდი მადლობა გადაგიხადოთ მრავალწლიანი მხარდაჭერისთვის, თანადგომისა და ღირსეული პარტნიორობისთვის", - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

ვახტანგ გომელაურმა პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს სამართალდამცველებისადმი გამოხატული მუდმივი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მოგეხსენებათ, 2022-2023 წლებში, პოლიციელების შრომის ანაზღაურება ჯამში 30%-ით გაიზარდა. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. სახელმწიფოსთვის ასევე პრიორიტეტულია პოლიციელებისთვის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, უკვე დაწყებულია მუშაობა „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. ეს „ქალაქი“ თბილისში აშენდება და საწყის ეტაპზე, 1000-მდე პოლიციელი მიიღებს ბინას.

მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ბატონ პრემიერს ამ მნიშვნელოვანი პროექტისთვის და თითოეული პოლიციელის მუდმივი მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში