საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს 

29 მაისი 2023, 10:13 646 ნახვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, ქართული ხორბლის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის შესახებ შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა.

მინისტრმა ხაზი გაუსვა ქვეყანაში ხორბლის თვითუზრუნველყოფის მაჩვენებლის გაზრდის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბლის წარმოება 60 %-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ არსებული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება.

„ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში ჩართულ ყველა წარმომადგენელთან და შევჯერდით ისეთ პირობებზე, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს, რომ ქვეყანაში შენარჩუნებული იყოს პურის ფასი, მეორე მხრივ, წინსქვილკომბინატებმა კონკურენტულ პირობებში შეძლონ მუშაობა და, რაც მთავარია, ფერმერებმა მოსავალი შეუფერხებლად დააბინაონ. შესაბამისად, მომავალ კვირას, საქართველოს მთავრობას წარედგინება დადგენილების პროექტი, რომლის მიხედვითაც, ფქვილის იმპორტზე დაწესდება დამატებითი საფასური 5 თვის ვადით. ჩვენ მუდმივად დავაკვირდებით ბაზარზე არსებულ სიტუაციას და შესაბამის ნაბიჯებს გადავდგამთ. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა პურზე ფასი იყოს შენარჩუნებული და, ამავდროულად, შეუფერხებლად განხორციელდეს ახალი მოსავლის რეალიზაცია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

სამინისტროს ცნობით, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება შეჯერებული პოზიციაა და არსებულ ვითარებას ისე დაარეგულირებს, რომ პურის ფასი არ გაიზრდება. პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის განცხადებით, შეჯერებული გადაწყვეტილების შედეგად, პურზე არსებული ფასი არ მოიმატებს.

როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ნიკოლოზ ბენიაიძემ აღნიშნა, მიღებული გადაწყვეტილება ადგილობრივი ხორბლის შესყიდვას შეუწყობს ხელს და ფერმერები შეძლებენ, როგორც ძველი, ისე ახალი მოსავლის რეალიზებას.

ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის წარმომადგენლის ვლადიმერ ბიძინაშვილის განცხადებით, წისქვილკომბინატების ნაწილი დღესაც მუშაობს, ხოლო მთავრობის გადაწყვეტილების შედეგად, გაჩერებული საწარმოებიც გააქტიურდებიან, რაც უზრუნველყოფს ადგილობრივი ხორბლის შეუფერხებელ დაბინავებას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი