26 მაისთან დაკავშირებით ვაშინგტონის ხიდი საქართველოს დროშის ფერებში განათდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია და შესაბამისი ვიდეო საქართველოს დიპლომატიური მისიების გვერდზე ქვეყნდება.
„აშშ-ის დედაქალაქის გულში, ფრედერიკ დუგლასის სახელობის ხიდი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, პირველად განათდა საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში! უღრმესი მადლობა ვაშინგტონის მერიას და მერ მარიელ ბაუზერს, რომელმაც 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოაცხადა“, - აცხადებენ საელჩოში.
საქართველოს დროშის ფერებში განათდა, ქალაქ სტამბოლის ფათიჰ სულთან მეჰმეთის ხიდიც.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ირლანდიაში, დუბლინის ღირსშესანიშნაობა Samuel Beckett -ის ხიდიც საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ინიციატივით, ევროპის საბჭოს შენობაც საქართველოს სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა.
შვეიცარიაში, ქ. ბერნის მერიის შენობაზე კი საქართველოს დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს დიპლომატიური მისიების Facebook გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.
აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში 26 მაისთან დაკავშირებით „ჰეიდარ ალიევის ცენტრი“ საქართველოს დროშის ფერებით განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, იზმირის „საათის კოშკი“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელის მთავარი სიმბოლო ქართულ ეროვნულ სამოსშია წარმოდგენილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ჩართულობით, 26 მაისი, მსოფლიოს მასშტაბით, სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნება.
აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი