იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში ჩუტყვავილას 3118 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში ჩუტყვავილას შემთხვევების მხრივ გვქონდა 2018 წელს.
"10196 შემთხვევა დაფიქსირდა მაშინ, როდესაც სტანდარტულად, 3-4 ათასი შემთხვევა ფიქსირდებოდა. 2018 წელს იყო შემხვევების სერიოზული მატება. წინა წელს იყო სულ 2600 შემთხვევა ქვეყანაში, მაგრამ წელს გვაქვს ასევე აფეთქება. 4 თვეში, იანვრიდან დაწყებული აპრილის ჩათვლით, ქვეყანაში გვქონდა 3118 დადასტურებული შემთხვევა.
შესაბამისად, თუ ეს ტენდენციაც გაგრძელდა, 2023 წელიც იქნება ამ მხრივ გამორჩეული და ალბათ, ათიათასამდე შემთხვევა გვექნება წლის განმავლობაში. 2018 წლის შემდეგ, წელს არის ისე პერიოდი, როდესაც შემთხვევების მკვეთრი მატება გვაქვს. 2-3-ჯერ მეტი, ვიდრე სხვა წლებში აღინიშნება“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისი განმარტებით, ჩუტყვავილა წითელასგან განსხვავებით, მიეკუთვნება იმ დაავადებების კატეგორიას, სადაც დაავადების მძიმე მიმდინარეობა იშვიათია.
„გარდაცვალების შემთხვევები არის ერთი ასიათას ინფიცირებულზე მაშინ, როდესაც წითელას შემთხვევაში ეს ციფრი არის ერთი 3 ათას ინფიცირებულზე. ჩუტყვავილას გართულებებიდან ყველაზე მთავარია მეორადი ბაქტერიული ინფექცია. გამონაყარი შეიძლება დაინფიცირდეს და განვითარდეს ბაქტერიული სუპერინფექცია, რამაც შეიძლება მძიმე მდგომარეობა გამოიწვიოს. შეიძლება იყოს ფილტვების ანთება, სისტემური ანთებითი პასუხი და ა.შ, მაგრამ ეს არის ძალიან იშვიათი, სხვა დაავადებისგან განსხვავებით“, -განაცხადა ჩხაიძემ.
რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ ტარდება ქვეყანაში ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ივანე ჩხაიძე განმარტავს, რომ დღეისთვის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არ იძლევა რეკომენდაციას, რომ უნივერსალურად ყველა ქვეყანამ ჩაატაროს ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაცია.
მისივე განცხადებით, საქართველოში წითელას ვაქცინაციასთან დაკავშირებით ძალიან მძიმე მდგომარეობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ, შესაძლოა, ბავშვებში ინფიცირების მასშტაბი გაიზარდოს და გარდაცვალების შემთხვევაც იყოს.
ივანე ჩხაიძის რეკომენდაციაა, დროულად აცრან ის ბავშვები, ვინც წითელაზე ჯერ არ აცრილან.
„ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს მეორე ვაქცინით მოცვასთან დაკავშირებით, 78%-ია მეორე ვაქცინაციის მაჩვენებელი. ციფრობრივად, ეს არის ათიათასი აუცრელი ბავშვი ქვეყანაში. ანუ, 5 წლის ასაკის მოსახლეობაში 10 ათასი აუცრელი ბავშვია. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ ამ ბავშვების მშობლებმა სწრაფად არ გაიაზრეს, თუ რა რისკი შეიძლება მოჰყვეს ამას, 10 ათასი არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად, ფილტვების ანთებად. სერიოზული შემთხვევების რისკი ძალიან მაღალია“, - განაცხადა ჩხაიძემ.
მისივე განმარტებით, თუ ადამიანს ჩუტყვავილა ან წითელა აქვს გადატანილი, მას ეს იმუნიტეტი მთელი ცხოვრება აქვს.