შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება - პაპუაშვილი

23 მაისი 2023, 12:39 796 ნახვა

შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დარჩენილი ორი არამოსამართლე წევრის არჩევასთან დაკავშირებით განაცხადა.

"იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობაზე 4 კანდიდატია დარჩენილი, საიდანაც 2 უნდა შეირჩეს. ამ ოთხ კანდიდატთან დაკავშირებით რაიმე არსებითი შენიშვნა და კრიტიკა ვერ მოვისმინე ისევე, როგორც იმ 3 ადამიანთან დაკავშირებით, რომლებიც უკვე ავირჩიეთ. შემდეგ კვირას დადგება საკითხი, როდესაც ერთ-ერთი რეკომენდაციის შესრულება სრულად ოპოზიციის ხელში იქნება. ახლა მთელი საზოგადოება და მათ შორის ევროპაც შევხედავთ, თუ რამდენად პასუხისმგებლიანად მოეკიდება ოპოზიცია საკითხს“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, დღეის მდგომარეობით საქართველოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების 80 პროცენტი უკვე შესრულებული აქვს. მისივე თქმით, საბოლოო შეფასებას გააკეთებს ევროკომისია. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, მოლოდინი აქვთ, რომ ევროკომისიის შეფასება პოზიტიური იქნება.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი შეფასებით, რეკომენდაციების 80% შესრულებულია. საბოლოო შეფასებას გააკეთებს ევროკომისია. სხვათა შორის, არა არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, მედია, საბოლოო ჯამში, ყველა უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას. მანამდე ყველას ჩვენი შეფასებები გვაქვს. ჩვენი შეფასებით, ვფიქრობთ, რეკომენდაციების 80% შესრულებულია. ასევე ზეპირი კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა დედაქალაქში. პარლამენტებში თუ სხვა კოლეგებთან შეხვედრებით, ბრიუსელთან კომუნიკაციით ვიცით, რომ პოზიტიური შეფასებებია მაგალითად, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, საარჩევნო რეფორმების მხრივ, გენდერულ საკითხებთან, ანტიკორუფციულ საკითხებთან , ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პროაქტიული გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენებასთან და ომბუდსმენთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ომბუდსმენის ნაწილიც შესრულებულია. ის „ენჯეოები“, თვითონ რომ ვერ გახდნენ ომბუდსმენები, ახლა ამ რეკომენდაციას, როგორც შეუსრულებელს აფასებენ. თავად არიან დაინტერესებული მხარე ამ პროცესში, თვითონ იყვნენ კანდიდატები. იმდენი მორიდება და თავმდაბლობაც არ აქვთ, სულ მცირე, თავი შეიკავონ ამ საკითხის შეფასებისგან, რადგან არიან მიკერძოებული და დაინტერესებული მხარე. რა თქმა უნდა, ომბუდსმენის ნაწილიც შესრულებულია“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი