7-8 მარტის მოვლენების დროს აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რეალური საფრთხე ემუქრებოდა როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას - ვახტანგ გომელაური 

19 მაისი 2023, 19:29 793 ნახვა

ვითარების ანალიზით ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, ინტერპელაციის ფორმატში სიტყვით გამოსვლისას 7-8 მარტის მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.

„სატელევიზიო პირდაპირ ეთერებში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის, რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა, ასევე თავად აქციის მონაწილეებმაც მიიღეს სხვადასხვა სახის დაზიანება. ვითარების ანალიზით ცალსახად ჩანდა, რომ აქცია სრულად გასცდა მშვიდობიანი გამოხატვის ფორმას და მიიღო ძალადობრივი ხასიათი, რითაც რეალური საფრთხე ემუქრებოდა როგორც სახელმწიფო ინსტიტუციას, ისე პოლიციელთა და იქ მყოფთა ჯანმრთელობას, სიცოცხლეს. შესაბამისად, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, აუცილებელი გახდა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის შეწყვეტა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროპორციული ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენება. დაახლოებით ღამის პირველ საათზე, თავისუფლების მოედნის მიმდებარედ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შეიქმნა ე.წ. კოლოფი და განხორციელდა სპეციალური ღონისძიება. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ აქციის მონაწილეებს ჰქონდათ საშუალება, რუსთაველის მეტროს მიმართულებით დაეტოვებინათ ტერიტორია, ხოლო საპოლიციო კორდონებმა მსვლელობა დაასრულეს ქაშუეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე. ხაზგასასმელია, რომ ყველა შემთხვევაში სპეციალური საშუალებების გამოყენებას წინ უსწრებდა გაფრთხილება როგორც მასმედიის, ასევე უშუალოდ ადგილზე სპეციალური ტექნიკის საშუალებით, რათა ერთი მხრივ, მოქალაქეები დამორჩილებოდნენ პოლიციელთა კანონიერ მოთხოვნებს, დაეცვათ წესრიგი, ხოლო მეორე მხრივ, დაეტოვებინათ ძალადობრივად მიმდინარე შეკრების ტერიტორია. პოლიციის მხრიდან გატარებული აღნიშნული ღონისძიებების შედეგად, შეკრების მონაწილეები გვიან ღამით დაიშალნენ“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი