არასოდეს მითქვამს, რომ მე მხოლოდ უმრავლესობის პრემიერი ვარ, მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი - ირაკლი ღარიბაშვილი

09 მაისი 2023, 11:40 480 ნახვა

არასოდეს მითქვამს, რომ მე მხოლოდ უმრავლესობის პრემიერ-მინისტრი ვარ. მე ვარ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე პრემიერის გამოსვლას უკავშირდებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კონფერენციაზე მან თქვა, რომ ხელისუფლება არ დაუშვებს უმცირესობაზე ძალადობას და ასევე არ დაუშვებს უმცირესობის ძალადობას უმრავლესობაზე.

„მე ვთქვი მთავარი და თქვენ თუ დაიზეპირეთ ჩემი გამოსვლა, შეგიძლიათ, ეს ფაქტები მოუყვეთ ჩვენს საზოგადოებას. ვთქვი ძალიან მარტივი ჭეშმარიტება, რომ ჩვენ არ დავუშვებთ უმცირესობაზე ძალადობას და ისევე არ დავუშვებთ უმცირესობის ძალადობას, მათ აგრესიულ პროპაგანდას, ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის უმრავლესობაზე. ეს უფლებები არის გარანტირებული კონსტიტუციით. მეტიც, ჩვენ კანონით გავამყარეთ ეს ყველაფერი და არც ერთი ადამიანის დისკრიმინაცია არ ხდება ქვეყანაში.

 

ჩვენი ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობა, დაახლოებით 90 პროცენტი იზიარებს იმ კონსერვატიულ შეხედულებებს, ოჯახურ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომლითაც ჩვენ, ყველანი დღემდე მოვედით. ეს არის ქრისტიანული ფასეულობები, ეროვნული, პატრიოტული, ოჯახური ღირებულებები. ამაზე მაქვს საუბარი. გისვამთ კითხვას, თქვენთვის მისაღებია ის აღვირახსნილი პროპაგანდა, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთ ქვეყანაში? იგივე სქესის გადაკეთებასთან დაკავშირებით. ეს არის პროპაგანდა, რომელიც მომწამვლელია ბავშვებში, ბაღებში, სკოლებში, უნივერსიტეტებში აღარ ვსაუბრობ. თქვენ შეგიძლიათ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მოიძიოთ ამის თაობაზე. ჩვენი ვალდებულებაა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ ამას გავაკეთებთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე განცხადებით, მმართველ ძალასთან ვინმეს თუ არ უნდა თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია, ჩვენც შესაბამისად, გადავხედავთ თანამშრომლობას.

"ჩვენ გვექნება მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში, ჩვენ პარტიასთან უკვე დავიწყეთ დიალოგი და კონსულტაციები ჩვენი პარტიის შიგნით. ჩვენც გავაკეთებთ დასკვნებს, შეიძლება, იმაზე ადრე, ვიდრე „სოციალისტები“ შეიკრიბებიან ივნისში. მე ერთი რამ მინდა ვთქვა, ზოგიერთმა დაპოსტა თუ გამოაქვეყნა განცხადება იმის გამო, რომ მე მონაწილეობა მივიღე კონსერვატიული მოძრაობის კონფერენციაში. პრეზიდენტი რეიგანი იყო პირველი სპიკერი ამ კონფერენციის, თურმე ეს არის მიუღებელი მათთვის, თურმე მიუღებელი არის ჩემ მიერ გაკეთებული განცხადებები. მე ვთქვი, რომ მიუღებელია ლგბტ პროპაგანდა ბავშვებში, სკოლებში, ბაღებში, მიუღებელია ეს აღვირახსნილი აგრესიული პროპაგანდა. რაც შეეხება გენდერს და სქესის გადაკეთებას, თუ ამის გამო ვიღაცას არ უნდა ჩვენს პოლიტიკურ პარტიასთან, მმართველ ძალასთან თანამშრომლობა, ეს მათი სურვილია. ჩვენც შესაბამისად, გადავხედავთ თანამშრომლობას“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში