ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ საქართველოს მოქალაქეს, ქრისტინე თაკალანძეს „ჯაშუშობის“ ბრალდებით, 10 წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„თაკალანძე ქრისტინე დამნაშავედ იქნა ცნობილი აფხაზეთის რესპუბლიკის სისხლის სამართლის კოდექსის 274-ე მუხლით („ჯაშუშობა“) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის გამოსასწორებელ კოლონიაში“, - ნათქვამია განაჩენში.
25 წლის ქრისტინე თაკალანძე 2022 წლის 20 ივლისს, გალის რაიონში დააკავეს.
ზუგდიდში დაბადებული ქრისტინე თაკალანძე გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში ცხოვრობდა. აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი თაკალანძეს ქართულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებს.