როდის შეძლებს სუდანში დარჩენილი საქართველოს 33 მოქალაქე სამშობლოში დაბრუნებას - ამ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა სუდანში განვითარებული პროცესების გამო კვლავ ვერ ხერხდება. ორი ავიაკომპანიის თანამშრომლები მოლოდინის რეჟიმში არიან. მათ ევაკუაციას საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით, ავიაკომპანიები "მაი ვეი" და "ჯეოსქაი" ცდილობენ.
უკვე მეექვსე დღეა სუდანში სროლებია. მსოფლიო დაპირისპირებული მხარეებისგან შეთანხმების შესრულებას და ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ამ დრომდე უშედეგოდ ელოდება.
მორატორიუმმა მხოლოდ რამდენიმე საათი იმუშავა. სუდანში ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების, „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა.
„ბიბისის“ ცნობით, ქალაქში მიმდინარე ბრძოლების გამო, 200-მდე ადამიანი დაიღუპა. სუდანის დედაქალაქში სურსათისა და წყლის დეფიციტია.