წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინში 

15 აპრილი 2023, 12:08 725 ნახვა

რამდენიმე საათი რჩება იერუსალიმში აღდგომის სახელობის ტაძარში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლამდე. ამ დღისთვის წმინდა მიწაზე საგანგებოდ ემზადებიან. გამკაცრებულია ტაძარში შესვლის წესები. ისრაელის პოლიციამ გასულ წელთან  შედარებით აღდგომის ტაძარში შესვლის ნებართვა შეამცირა. გადაკეტილია ძველ ქალაქში შესასვლელი ყველა კარი.

გუშინ ტაძარში ლიტანიობა 21 საათზე დაიწყო. ტრადიციის მიხედვით, თავდაპირველად დღეს ტაძარში არაბი ქრისტიანები ყიჟინით შევლენ, რის შემდეგაც მობრძანდება იერუსალიმის პატრიარქი.

როგორც წესი თეოფილე მესამე მაცხოვრის საფლავზე შესვლამდე, განიმოსება, კვართით და სანთლით შევა ქრისტეს საფლავზე და წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის შემდეგ იგი კუვუკლიადან ღვთიურ ცეცხლს გამოიტანს. ცეცხლი მრევლში სწრაფად ვრცელდება. სასულიერი პირების განმარტებით მაცხოვრის აღდგომის ნიშანი სწორედ ცეცხლის გარდამოსვლაა.

ქრისტე აღდგა - ეს სიტყვები დღეს აღდგომის ტაძარში სხვადასხვა ენაზე არაერთხელ გაისმება. წმინდა ცეცხლს საქართველოში დღეს საღამოს ჩამოაბრძანებენ.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში