პირდაპირი ფრენები მოსკოვსა და თბილისს შორის არ დასტურდება

14 აპრილი 2023, 19:44 780 ნახვა

მოსკოვსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიარეისების შესახებ ინფორმაცია მოსკოვის ერთ-ერთი აეროპორტის - "ვნუკოვოს" საიტზე აღარ იძებნება. როგორც აეროპორტის ვებგვერდზე ვკითხულობდით, პირდაპირ ფრენებს 18 აპრილიდან "ჯორჯიან ეირვეისი" შეასრულებდა. ამგვარი ინფორმაცია თავად "ჯორჯიან ეირვეისის" ვებგვერდზე გამოქვეყნებული არ იყო. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი დაუკავშირდა ვნუკოვოს აეროპორტის ცხელ ხაზს, მათ კატეგორიულად უარყვეს პირდაპირი რეისების დანიშვნა. ინფორმაცია მოსკოვი-თბილისის რეისების შესრულების შესახებ განცხადებით უარყო "ჯორჯიან ეირვეისმა" . "მსგავსი ცრუ, დაუდასტურებელი ინფორმაცია აქამდეც არაერთხელ გავრცელებულა. ავიაკომპანიას არ გაუკეთებია განაცხადი აღნიშნულ რეისებთან დაკავშირებით", - წერია Georgian Airways-ის ფეისბუქგვერდზე.განცხადება გაავრცელა საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომაც, რომელმაც დაწერა, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენაზე ცნობები არაერთხელ გავრცელდა. რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2019 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი