სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტი გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო - გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე 

13 აპრილი 2023, 13:12 579 ნახვა

სრული სიცრუეა, თითქოს რიკოთის პროექტის მშენებლობა გეოლოგიური კვლევების გარეშე დაიწყო, ეს არის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანა და გარკვეულწილად, რიკოთის პროექტის დისკრედიტაცია, – ამის შესახებ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა რიკოთის მონაკვეთზე ბოლო დროს განვითარებული მეწყრული პროცესისა და ქვათაცვენის შესახებ საუბრისას განაცხადა.

„პროექტი დაფინანსებულია აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მიერ და ყველა პროცესი, მათ შორის, პროექტის, სამუშაოების და ზედამხედველობის შესყიდვა, ყველა ნაბიჯი, ყველა დეტალი თანხმდება ამ ორგანიზაციებთან და მიმდინარეობს მათივე ზედამხედველობით“, – განაცხადა წერეთელმა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთი ერთ-ერთი ურთულესი პროექტია, რომელიც 52 კმ-მდე გზის, 97 ხიდისა და 52 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს. 30 მარტიდან რიკოთის უღელტეხილზე მოძრაობა ორჯერ აიკრძალა, მეწყერსაშიში პროცესებისა და ქვათაცვენის გამო.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის განმარტებით, ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის საპროექტო გადაწყვეტილება და თავად პროექტი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, საერთაშორისო დონის საგზაო ინჟინერიაში ერთ-ერთმა დიდმა ამერიკულმა კომპანია „აეკომმა“ მოამზადა. რიკოთის მეორე, მესამე და მეოთხე მონაკვეთების პროექტები კი, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, იტალიური კომპანიების, მათ შორის, „აიარდის“ მიერ არის მომზადებული.

„ამ მონაკვეთებზე ჩატარებული გეოლოგიური, გეოტექნიკური, გეოფიზიკური, სეისმური კვლევების და ჰიდროლოგიის შედეგად იქნა ეს პროექტები გადაწყვეტილი. ამასთანავე, აზიის განვითარების ბანკისა და მსოფლიო ბანკის მოწვევით, შესაბამისი სპეციალისტები იყვნენ ჩამოსული, რომლებმაც საპროექტო გადაწყვეტილებების რევიზია და გადახედვა მოახდინეს“, – განაცხადა წერეთელმა.

გიორგი წერეთელმა, აღნიშნა, რომ რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე არაერთი გეოლოგიური და სხვა სახის კვლევა ჩატარდა, მიმდინარე პროცესები კი მთიანი რელიეფისთვის დამახასიათებელია. თუმცა არსებული პროცესების მართვა და მონიტორინგი უცხოური საზედამხედველო კომპანიების მიერ 24 საათის განმავლობაში წარმოებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში