პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ, ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო - ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისზე

03 აპრილი 2023, 14:30 607 ნახვა

პოლიციაზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ, ეს მიუღებელია, ეს არის წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა 7-9 მარტს გამართულ აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

"რამდენიმე დღის წინ, პოლიციამ დააკავა პოლიციელზე თავდამსხმელი. ყველამ ვნახეთ კადრები. ერთ-ერთმა ანარქისტმა როგორ ესროლა პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილი“. ანუ ამ ადამიანს განზრახული ჰქონდა პოლიციელის ცოცხლად დაწვა. მე გამოვედი და ვთქვი ჩემი პოზიცია, რომ ამას არავის ვაპატიებთ. ეს არის მიუღებელი. წითელი ხაზი, რომელზეც ჩვენ ვიქნებით უკომპრომისო. ასევე საზოგადოებამ ნახა, რომ გეგმა იყო გაცილებით უფრო რთული. მათი გეგმა იყო მუდმივი ქაოსის დათესვა, საბოლოო მიზანი იყო ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაცია, ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, რაც არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ.

 

რაც შეეხებათ ამ ანარქისტებს და მათ ინსტრუქტორებს, ეს ადამიანები მომზადებული იყვნენ იმისთვის, რომ მომხდარიყო პროვოკაციები, პოლიციაზე თავდასხმები და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის თვალსაჩინო. ხალხმა ნახა, რომ ამის მიზანი გაცილებით უფრო შორსმიმავალი იყო, მაგრამ მადლობა კიდევ ერთხელ პოლიციას. სახელმწიფო დადგა ძალიან მტკიცედ, გამოაჩინა სიძლიერეც და გონიერებაც“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კაპიტოლიუმზე თავდასხმისას ოთხი ადამიანი იქნა ლიკვიდირებული.

"თურმე ნორმაა, რომ ცეცხლი გაუხსნას პოლიციას მოლოტოვის კოქტეილებით და პოლიციამ არ უნდა იმოქმედოს. არ უნდა დავიჭიროთ არავინ, არავინ უნდა დავსაჯოთ და ამ ანარქისტებს, ქაოსის დამთესველებს, ქვეყნის მტრებს მივცეთ საშუალება, ქვეყანაში არეულობა შემოიტანონ. ამას ჩვენ არ ვიზამთ. ამერიკაში რამდენიმე ასეული ადამიანი იქნა მხილებული, მრავალი ათეული წლით გაუშვეს ციხეში. ევროპის ქვეყნებში ხედავთ, რაც ხდება. როცა საქმე ეხება უსაფრთხოებას, სტაბილურობას, უკომპრომისო ბრძოლა მიდის. ჩვენთან ასე სუფთად ჩაატარა პოლიციამ ღონისძიება, არავინ დაშავებულა რეალურად, მაქსიმალური სიფრთხილით მოვეკიდეთ და დღეს გვეუბნებიან, თურმე ვიღაც ანარქისტი რომ მოლოტოვის კოქტეილს ისვრის, თურმე ამაზე უნდა დავხუჭოთ თვალი. ეს არ მოხდება. კანონი აღსრულდება ყველას მიმართ. ჩვენ არავის უსამართლოდ არ დავსჯით, არც დაგვისჯია და არც დაისჯება. ჩვენ ახლა გვინდა დამშვიდება, საზოგადოებას სჭირდება სიწყნარე, მეტი კეთილდღეობა, მეტი სამუშაო ადგილი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე 7, 8, 9 მარტს გამართულ  აქციაზე პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე ბრალდებულ ლაზარე გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გამოძიების ინფორმაციით, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისმა საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები ესროლა, რის შედეგად, დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. გამოძიების ცნობითვე, ბრალდებულმა ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი