მდუმარე აქცია გაიმართა ბათუმში. პროტესტის მონაწილეები ცენტრალური პარკის შესასვლელთან შეიკრიბნენ ტრანსპარანტებით “ ფრთხილად! კორუფციის ორმოა“, “თქვენი დუმილი ყველაზე ხმამაღლა ისმის“,“უმოქმედობა ასამარებს ოცნებებს“. აქციის მონაწილეები ამ ფორმით გამოეხმაურნენ 1 კვირის წინ მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები ორი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა. პროტესტის მონაწილეები მდუმარე აქციით სამძიმარს უცხადებენ დაღუპულთა ოჯახებს და ასევე, აქცენტს აკეთებენ მთავრობის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე. მათი თქმით, ერთი კვირის შემდეგაც საზოგადოებას არ აქვს პასუხები მომხდართან დაკავშირებით, მათ შორის უსაფრთხოების ნორმების დაცვის საკითხზე. ისინი ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი ტრაგედიები პასუხისმგებელი პირების დასჯის გარეშე რჩება.