ვაფრთხილებთ მოსახლეობას, "ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე წვრთნები გამოიწვევს ხმაურს, რაც არ უნდა გახდეს შიშის საფუძველი - საგანგებო

22 მარტი 2023, 11:17 593 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, „ბათუმი არენას“ თანამშრომლებისთვის სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება ჩატარდება.

უწყება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ წვრთნები გარკვეულ ხმაურს გამოიწვევს, რაც მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი არ უნდა გახდეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 22 მარტს, 12:00 საათიდან 14:00 საათამდე, „ბათუმი არენას“ ტერიტორიაზე, სსიპ სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ჩართულობით, „ბათუმი არენას“ თანამშრომლებისთვის ჩატარდება სახანძრო-სამაშველო სიმულაციური პრაქტიკული სწავლება.

ღონისძიების მიზანია სწავლების მონაწილეებისთვის საგანგებო სიტუაციების დროს ქცევის წესების, ხანძრის ქრობის ღონისძიებების,დაშავებულთა ევაკუაციისა და პირველადი დახმარების მეთოდების გაცნობა.

სწავლება მოიცავს პრაქტიკულ სიმულაციურ წვრთნებს. მეხანძრე-მაშველები სპეციალური ტექნიკისა და აღჭურვილობის გამოყენებით მოახდენენ ხანძრის დროს მოქმედების ყველა აუცილებელი კომპონენტის დემონსტრირებას.

ვაფრთხილებთ ადგილობრივ მოსახლეობას, წვრთნები გამოიწვევს გარკვეულ ხმაურს, რაც არ უნდა გახდეს მოქალაქეებისთვის შიშისა და საფრთხის საფუძველი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

ფოტო: არქივი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში