დღეიდან დავიწყებთ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან, უკუკავშირის შედეგად მივიღებთ მყისიერ გადაწყვეტილებებს პრობლემებზე საპასუხოდ, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების ახალმა მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დიდი პატივია, ვუხელმძღვანელო განათლებისა და მეცნიერების მიმართულებას, სადაც მუშაობს და დასაქმებულია ასეულობით ათასი ჩვენი ღირსეული მოქალაქე და ქმნის თანამედროივე საქართველოს. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ბევრი რამ გაკეთდა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, თუმცა, ბუნებრივია, კვლავ რჩება რიგი გამოწვევები და პრობლემები, რომლებსაც სჭირდება სწრაფი პასუხი და გადაჭრა. ამიტომ ჩვენ და პირადად მე დღეიდან დავიწყებთ აქტიურ კომუნიკაციას განათლებისა და მეცნიერების დარგში ჩართულ ყველა ადამიანთან – ბავშვებთან, მათ მშობლებთან, ჩვენს დამსახურებულ და ღირსეულ მასწავლებლებთან, სკოლების ადმინისტრაციებთან, პროფესორებთან, ახალგაზრდებთან, სტუდენტებთან და ჩვენს მეცნიერებთან იმ პრობლემებსა და გამოწვევებზე სამსჯელოდ, რაც დღეს დარგში გვაქვს და მიღებული უკუკავშირის შედეგად მივიღებთ სწრაფ და მყისიერ გადაწყვეტილებებს ყველა ამ პრობლემაზე საპასუხოდ.
ჩვენ გვინდა, ყველაფერი საუკეთესო შევთავაზოთ ჩვენს შვილებს სკოლებში დაწყებული ინფრასტრუქტურით გაგრგძელებული სასწავლო პროგრამითა და საგანმანათლებლო რესურსებით, ამიტომ ამ კუთხით აქტიურად და სწრაფად ვიმუშავებთ. ჩვენ გვინდა და აუცილებლად შევქმნით ღირსეულ პირობებს ჩვენი დამსახურებული მასწავლებლებისთვის. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც მნიშვნელოვანია მასწავლებლის პროფესიის ღირსებისა და პოპულარიზაციის ამაღლებისთვის. აუცილებლად შევთავაზებთ დამატებით სოციალურ და ფინანსურ მხარდამჭერ მექანიზმებს ყველა იმ მოტივირებულ, წარჩინებულ და წარმატებულ სტუდენტს, რომელსაც აქვს მაღალი აკადემიური მოსწრება და ხელს შევუწყობთ განათლების პროცესის კარგად დასრულებისთვის. აუცილებლად აქტიურად დავუჭერთ მხარს უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში ერთობლივი, ორმაგი პროგრამების განხორციელებასა და დანერგვას ევროპულ, დასავლურ, უცხოურ უნივერსიტეტებთან ერთად, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დღეს განათლებას არ აქვს საზღვრები და მნიშვნელოვანია, უფრო აქტიურად და ფართოდ გავაღოთ კარი ევროპული, დასავლური განათლების შემოსაშვებად საქართველოში“, – განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
გიორგი ამილახვარის განცხადებით, პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად.
„ჩემი მინისტრობის პერიოდში პროფესიული განათლება გამოცხადდება პრიორიტეტულ მიმართულებად და უახლოეს პერიოდში შემოგთავაზებთ იმ კონკრეტულ ხედვას, თუ როგორ ვაპირებთ ამ დარგის გარდაქმნას, რა კონკრეტულ და იოლი ფორმების მექანიზმებს შევთავაზებთ დამსაქმებლებს პროფესიულ განათლებაში ჩართულობისთვის“, – აღნიშნა ამილახვარმა.
განათლების ახალი მინისტრის თქმით, გასული წლების შედეგები იძლევა შესაძლებლობას საქართველოს განათლების მიზიდულობის კერად ჩამოყალიბებისთვის.
მისივე განმარტებით, ამ და სხვა საკითხებზე ხედვას პრემიერ-მინისტრს უახლოეს მომავალში წარუდგენს, შემდეგ კი საზოგადოებას ერთობლივად გააცნობენ.
გიორგი ამილახვარი განათლების მინისტრად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს წარადგინა.