უკრაინაში საომარი მოქმედებები გრძელდება. მტრის განსაკუთრებული ძალისხმევა კვლავ ბახმუტის მიმართულებითაა კონცენტრირებული. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ბახმუტის, ლიმანისა და ავდიივკას მიმართულებით 75-ზე მეტი შეტევა განახორციელა. გასული დღის განმავლობაში აგრესორმა 3 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელა ქალაქ ხარკოვის ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე.
ზაპოროჟიესა და ხერსონის მიმართულებით მტერი თავდაცვით ოპერაციებს ატარებს და ბომბავს საკონტაქტო ხაზის მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს.
გენშტაბის ცნობით, უკრაინის თავდაცვამ მტრის პირადი შემადგენლობისა და სამხედრო ტექნიკის კონცენტრაციის უბნებს 16 დარტყმა მიაყენა. ჩამოაგდეს სუ-25 ტიპის თვითმფრინავი და სხვადასხვა ტიპის 13 უპილოტო საფრენი აპარატი.
ტრადიციულ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა გასულ წელს მარიუპოლის თეატრზე განხორციელებულ იერიშზე ისაუბრა, ასევე აღნიშნა, რომ შეიქმნება ტრიბუნალი, რომელიც ხალხს სამართლიანობას დაუბრუნებს.