მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების, საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებსაც 2012 წლის შემდეგ აკეთებენ - მდინარაძე

15 მარტი 2023, 14:58 573 ნახვა

მძიმე მოსასმენია „ნაცმოძრაობის“ ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის საქართველოსთვის დამაზიანებელი ის განცხადებები, რომლებსაც ისინი ახლა კი არა, 2012 წლის შემდეგ აკეთებენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარების განცხადებებთან დაკავშირებით აღნიშნა.

მამუკა მდიონარაძის განცხადებით, ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას, ლობირებენ იმ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა, საქართველოს ხელისუფლებას რამენაირად მიაწებოს პრორუსის იარლიყი.

"საუკუნის აფიორა დასჭირდებათ პიარკამპანიის სახით, თუ რაც არ უნდა დასჭირდეთ, ისინი ცდილობენ, თავიანთ ლობისტებთან ერთად, რომ საქართველოს ხელისუფლებას დაარქვას პრორუსი. ავიწყდებათ ერთი მთავარი რამ, მათ მეთოდი აქვთ გაღმა შედავების, თუ საუკეთესო თავდაცვა რომ თავდასხმაა, აი, ამ მარტივ ჭეშმარიტებაზე დაყრდნობით, თავის პიარს ალაგებენ და ამ კომპლექსით მოქმედებენ, ცდილობენ, სხვას დააბრალონ ის, რაც თავად გააკეთეს. ამ შემთხვევაში, ასეთი განცხადებებით იყო იმ ნარატივის ლობირება, რომელიც ემსახურება „ნაცმოძრაობის“ კომპლექსის მოხსნას და იმ მიზანს, მათ სტრატეგიას, რომ საუკეთესო თავდაცვა არის თავდასხმა.

ამ მიზნიდან გამომდინარე, „ნაცმოძრაობა“ და ის ადამიანები, რომლებიც დღეს მათ ნარატივს მხარს უჭერენ, „ნაცმოძრაობისა“ და მათი ლობისტების მთავარ კომპლექსს ებრძვიან იმის შესახებ, რომ მათ თავის დროზე ჩაიდინეს ამ ქვეყნის ღალატი, გაყიდვა. ეს მდგომარეობდა შემდეგში: თავის დროზე ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ქვეყანას და ჯარისკაცებს. ხელი მოუწერეს პუტინს ომის დაწყებაზე და აქედან გამომდინარე, ახლა ყველაფერს კადრულობენ, მათ შორის ცრუ ნარატივს იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც აპირებს, მაგალითად, რუსული კანონის მიღებას. ამ იარლიყის მიწებების მცდელობა ყოველ ჯერზე იქნება წარუმატებელი. შეიძლება, რაღაც მომენტში მცირე წარმატებას მიაღწიეს იმის ხარჯზე და ფონზე, რომ დაალაგეს კამპანია, რომელმაც იმოქმედა გარკვეულ პირთა ჯგუფზე.

ამ დღეების განმავლობაში იქ იდგნენ ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად სჯეროდათ რაღაცების, მათ შორის ახალგაზრდები, მაგრამ ძალიან ბევრი იყო ისეთი, რომელიც ამის დაორგანიზებას ახდენდა. ეს უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან. რაც მთავარია, თუ მათ დაალაგეს საუკუნის აფიორა, რომელშიც ჩართული იყვნენ მათი დატრენინგებული ჯგუფები, გაცილებით მეტი იყო გულწრფელი ადამიანი, რომელსაც სჯეროდა, რომ აპროტესტებდა იმას, რომ შეიძლება, რაღაც რისკი შექმნოდა ქვეყნის კურსს.

ამ ქვეყნის კურსი მითითებულია კონსტიტუციაში და ქვეყანაში არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც იმ აფიორაში ჩაჰყვება „ნაცმოძრაობას“, ვისი ორგანიზებითაც ხდება ეს ყველაფერი. ამ ქვეყნის კურსი არის ევროპული მომავალი. ეს წერია კონსტიტუციაში, ჩვენ მიერ არის შეტანილი და ამის გადახვევას არათუ ვინმე აპირებს, ამის წინააღმდეგ მებრძოლის გამოაშკარავება იქნება ყოველთვის. მათი თვალთმაქცური პიარკამპანიები და საუკუნის აფიორები, საბოლოო ჯამში, დარჩება წარსულს. ეს ქვეყანა იქნება დემოკრატიულ ღირებულებებზე, ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში