ლევან იოსელიანი მზად არის, შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, იოსელიანი მზად არის, დაეხმაროს ადამიანებს, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობენ.
"სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება აქციების მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას და აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, მოექცა სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ, ან ხელისუფლების მხრიდან გრძნობს რაიმე საფრთხეს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო. 2023 წლის 14 მარტს სტუდენტებმა საქართველოს სახალხო დამცველს ტელეკომპანია პირველის ეთერით მიმართეს და მმართველი გუნდისა და ძალოვანი სტრუქტურების მაღალი თანამდებობის პირთა მხრიდან მოსალოდნელი დევნისა და რეპრესიებისგან დაცვა სთხოვეს“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.