ფაქტმა, რომ ჩვენ, საქართველოს და არა ხელისუფლებას არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, გრძელვადიან პერსპექტივაში იქნება სანანებელი - თეა წულუკიანი

14 მარტი 2023, 13:13 598 ნახვა

მალე დავინახავთ, რომ არა მხოლოდ კანადა, არამედ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული მსგავსი კანონი, ეტაპობრივად მიიღებს, დასანანია, რომ საქართველო არ იქნება მათ რიცხვში, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, დასანანია, რომ საქართველომ უცხოური ქვეყნიდან მომავალი თანხების აღრიცხვის შესახებ კანონპროექტი ვერ მიიღო.

„იმ გამოცდილებით თუ ვიმსჯელებ, რაც შეიძლება ადამიანს ჰქონდეს, როდესაც ის არაერთი წელი იყო ოპოზიციაში მაშინდელ ხელისუფლებასთან, რომელიც 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე საპასუხისმგებლო თანამდებობაზე უწყვეტად იმყოფება, ვიტყვი – იმ ფაქტმა, რომ ჩვენ, საქართველოს და არა ხელისუფლებას, არ მიგვაღებინეს მოცემული კანონი, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, ჩემი აზრით, იქნება დასანანი, სანანებელი. არ არის გამორიცხული, რომ ხალხისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის ჰქონდეს საკმაოდ მძიმე შედეგიც. რეალობა არის ის, რაც არის. იმ კონტექსტში ერთადერთი სწორი, გონივრული და სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება იყო კანონის გაწვევა. სხვა გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული, მაგრამ შედეგიც უნდა გვესმოდეს, რაც დადგა. ჩვენ ძალიან მალე დავინახავთ, რომ არა მხოლოდ კანადა, რომელიც ევროპული კონტინენტი არ გახლავთ, მაგრამ მაღალი ხარისხის დემოკრატიული და ლიბერალური ქვეყანაა, მას ვერ დააბრალებ, რომ არის რუსეთი, ან რუსეთის პროვინცია, არამედ ყველა ევროპული ქვეყანა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული, ეტაპობრივად მიიღებს სწორედ უცხო ქვეყნიდან მომავალი თანხების აღრიცხვის ან კონტროლის შესახებ კანონს. დასანანია, რომ საქართველო არ იქნება მათ რიცხვში“, – განაცხადა წულუკიანმა.

წულუკიანს კითხვა დაუსვეს ევროპარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საკითხის განხილვასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს იგეგმება.

თეა წულუკიანის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი, სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან კრიმინალია.

"სააკაშვილი არ გახლავთ პოლიტპატიმარი, ის სასამართლოს მიერ მისჯილ სასჯელებს იხდის ძალიან კონკრეტული დანაშაულებისთვის, რადგან არის კრიმინალი და ჩემი აზრით, უნდა მოიხადოს ბოლომდე. სხვა ქვეყნის მოქალაქე, სხვა ქვეყნის დეპუტატი თუ თვლის სხვაგვარად, ეს, ალბათ, იმას უნდა დავბრალოთ, რომ მან არ იცის, ვისთან აქვს საქმე, ანდა იცის და მაინც იმას ამბობს, რაც უსაფუძვლოა.

ჩვენ ვიცნობთ საკუთარ ხალხს, ჩვენ გვიცნობს ჩვენი ხალხი, ჩვენმა ხალხმა იცის, თუ რა ბუნების ხელისუფლება ჰყავს დღეს ქვეყნის სათავეში, ხელისუფლებები მიდიან და მოდიან ამ ქვეყანაში, ქართველი ხალხი რჩება და ქართველი ხალხი რომ იყოს იქ, სადაც არის და ჰქონდეს დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ ხანდახან ამისთვის გვჭირდება არცთუ ისე პოპულარული და რთულად მისაღები კანონები. დასანანია, რომ ამ შემთხვევაში ასეთი კანონი არ მიგვაღებინეს, მაინც უნდა შევეცადოთ, რომ ვიბრძოლოთ, რათა დავრჩეთ სუვერენული, დამოუკიდებელი და რაც მთავარია, თავაწეული, წელგამართული, ღირსეულად შევიდეთ იმ ევროკავშირში, სადაც არის ჩვენი ბუნებრივი ადგილი და არა ცალ ფეხზე, როგორც ამისკენ მოგვიწოდა ზოგიერთმა უღირსმა ადამიანმა. ეს არის ჩემი პასუხი“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კულტურის მინისტრს კითხვა დაუსვეს საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე, სადაც ის აღნიშნავს, რომ აპირებს მასობრივ საპროტესტო აქციებს, რაზეც თეა წულუკიანმა განაცხადა: „ვანო მერაბიშვილს ამასობაში ქუთუთო არ მოსძვრეს“.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი