დღეს რუსთაველის გამზირზე აქცია მაინც გაიმართება.
როგორც ერთობლივ ბრიფინგზე თბილისის საკრებულოს წევრმა „გირჩი- მეტი თავისუფლებიდან“ ცოტნე კობერიძემ აღნიშნა, დღევანდელ აქციაზე, რომელიც 19:00 საათზეა ჩანიშნული, ისინი მმართველი გუნდისგან მოითხოვენ მკაფიოობას, როგორ აპირებენ ისინი ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის გაწვევას.
სამოქალაქო აქტივისტები ასევე ითხოვენ დაკავებული აქციის მონაწილეების გათავისუფლებას.
„დღეს აუცილებლად იქნება აქცია, იმიტომ რომ არსებობს უამრავი ახალგაზრდა, რომელიც არ ენდობა „ქართულ ოცნებას“. მოვითხოვთ ორივე პუნქტის შესრულებას. ერთი მხრივ, გვჭირდება მკაფიოობა, როგორ აპირებენ, გაიწვიონ მოცემული კანონი. მეორე მხრივ, სანამ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ და არიან დაჭერილები, არ იქნებიან თავისუფლები, „ქართულ ოცნებას“ არ ეგონოს, რომ საქმე აქვს მარტივად“, - აცხადებს კობერიძე.
მმართველმა გუნდმა და „ხალხის ძალამ“ ე.წ აგენტების შესახებ პირველი მოსმენით მხარდაჭერილი კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.