მსოფლიო მედია თბილისის საპროტესტო აქციას ეხმაურება

08 მარტი 2023, 10:25 612 ნახვა

ათასობით ადამიანი აპროტესტებს თბილისში უცხოური აგენტების საკამათო ქართულ კანონპროექტს - წერს ფრანს 24 და აღნიშნავს, რომ  ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში პოლიციამ პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის დასაშლელად  ცრემლსადენი გაზი და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენა.

ფრანგულ სააგენტოს ირაკლი ღარიბაშვილისა და ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უმაღლესი კომისრის განცხადებებიდან ციტატები მოჰყავს, რომლებიც ურთიერთგამომრიცხავია. მაშინ, როცა პრემიერი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ უცხოური აგენტების შესახებ წარმოდგენილი კანონპროექტი  "ევროპულ და გლობალურ სტანდარტებს" აკმაყოფილებს,  ჯოზეფ ბორელი ამ კანონს ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუსაბამოს უწოდებს.     

ქართველები მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ - ასე ასათაურებს ვრცელ სტატიას ასოშეიტედ პრესი. საქართველოს ხელისუფლებამ სამშაბათს დედაქალაქში პარლამენტის შენობის წინ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან  კანონს, რომელიც  ზოგიერთის აზრით, პრესის თავისუფლებას ჩაახშობს. 

პირველი მოსმენით მიღებული კანონი მედიასაშუალებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისგან, რომლებიც  თავიანთი დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოური წყაროებიდან ღებულობენ,  „უცხოური გავლენის აგენტებად“ დარეგისტრირებას მოითხოვს. ასოშეიტედ პრესი სადავო კანონპროექტთან დაკავშირებით საერთაშორისო ორგანიზაციების შეშფოთების შესახებაც წერს, რომლებიც  აცხადებენ, რომ ეს კანონი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას ეწინააღმდეგება. გამოცემა თავისუფლების ქანდაკების ფონზე საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის მიმართვასაც ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტმა   აქციის მონაწილეებს მხარი დაუჭირა. ეს კანონი ნებისმიერი ფორმით უნდა გაუქმდეს - ასეთია  ზურაბიშვილის პოზიცია - წერს ასოშეიტედ პრესი და იხსენებს, რომ რუსეთში, უცხოელი აგენტების კანონი ხშირად  იმ ორგანიზაციებისა და საინფორმაციო საშუალებების დასახურად გამოიყენება, რომლებიც  მთავრობას აკრიტიკებენ.

ევროკავშირმა გააფრთხილა საქართველო, რომ ამ კანონის მიღებით იგი ზიანს აყენებს ბლოკში ოდესმე გაწევრიანების პერსპექტივას - წერს აშშ-ის უდიდესი საინფორმაციო სააგენტო.  „ძირს რუსული კანონი“- ამ ლოზუნგით და   ევროკავშირის დროშებით თბილისში ათასობით ქართველი დაუპირისპირდა სპეცრაზმს მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კრემლის მიერ შთაგონებული კანონი - წერს გამოცემა პოლიტიკო. გამოცემას საქართველოს პრეზიდენტის მიმართვიდან რამდენიმე ციტატა მოჰყავს, სადაც ნათქვამია, რომ  ეს კანონი, რომელიც არავის არ სჭირდებოდა, რომელიც არსაიდან არ მოდის, თუ არა რაღაც მოსკოვის კარნახით.

პოლიტიკო ყველაზე საკულტო მოვლენად  მიიჩნევს ქართველ ქალს, რომელიც პოლიციის კორდონისა და წყლის ჭავლის პირისპირ დგას,  არაფრით შეიარაღებული გარდა  სიმამაცისა და ევროკავშირის დროშით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი