საპროტესტო აქცია

08 მარტი 2023, 10:26 534 ნახვა

„არა რუსეთს და რუსულ კანონს, წინ ევროპისკენ“ - ამ შეძახილებით მოქალაქეებმა მთელი ღამე გაათენეს საქართველოს პარლამენტთან.  ისინი დილამდე აპროტესტებდნენ ე.წ. აგენტების კანონპროექტს.

რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდა პოლიცია შეკრებილების დაშლას, მომიტინგეების დასაშლელად უწყებამ არაერთხელ წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა, თუმცა აღნიშნულის შემდეგ აქციის მონაწილეები კვლავ პარლამენტთან ბრუნდებოდნენ. დაშავებულია ათობით ადამიანი, რომელთაც ძირითადად დაზიანებები სახის არეში აქვთ მიყენებული. ამის მიზეზად სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მიერ ე.წ. "წიწაკის სპრეის" გამოყენება სახელდება.

დაშავებული მოქალაქეები  თავს ქაშუეთის ეკლესიას აფარებდნენ.  ადგილზე იყო მობილიზებული სასწრაფო დახმარების ბრიგადები. მოგვიანებით, რუსთაველის გამზირზე, აქციის დასაშლელად სპეცდანიშნულების რაზმების ახალი ჯგუფები გამოჩნდნენ, რომლებმაც დაიკავეს ადგილი, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მათ დემონსტრანტებს ტერიტორია იძულებით  დაატოვებინეს.

რუსთაველის გამზირზე ამ დროისთვის სიმშვიდეა. ადგილზე აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან. ტერიტორიაზე რჩებიან მხოლოდ სამართალდამცველები. პარლამენტის შენობის კედელზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა წარწერები აქვთ დატოვებული, მათ შორის, „აქ სხედან ქვეყნის გამყიდველი მონები“.   

მოქალაქეები, პოლიტიკოსები და მესამე სექტორის წარმომადგენლები მთელი ღამის განმავლობაში რჩებოდნენ რუსთაველის გამზირზე, ისინი პერიოდულად მიმართავდნენ საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილებს. ისინი მოუწოდებდნენ დეპუტატებს უკან გაიწვიონ პირველი მოსმენით მიღებული ხმაურიანი კანონპროექტი ე.წ. აგენტების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ პროტესტის გაგრძელება დაანონსეს, რადგანაც მათი თქმით, ქართველი ხალხის არჩევანი არის გაცხადებული და ეს ქვეყნის ევროპული მომავალია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი