რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა, გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა - ირაკლი კობახიძე

08 მარტი 2023, 11:36 579 ნახვა

ირაკლი კობახიძე პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, გუშინ ღამით, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალებებმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული.

მისივე განცხადებით, სინამდვილეში მათ არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არ დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი ბოლშევიკები, მათში გაცოცხლებულია ბოლშევიკური სული, სერგო ორჯონიკიძის სული.

„გუშინ თბილისში განვითარდა მოვლენები, რომლებიც, დარწმუნებული ვართ, უსიამოვნო სანახავი იყო ჩვენი თანამოქალაქეების უდიდესი უმრავლესობისთვის. რადიკალურმა ოპოზიციამ და მისმა მედიასაშუალლებებმა საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი დაარწმუნეს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ამერიკული კანონი იყო რუსული, რამაც გუშინ ადამიანების გულწრფელი ვნებათაღელვა გამოიწვია. თუმცა, როგორც ყოველთვის, რადიკალურმა ოპოზიციამ სცადა, ეს გულწრფელი ვნებათაღელვა საკუთარი მიზნებისა და დავალებების აღსრულებისთვის გამოეყენებინა“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიცია ფარისეველია, ხოლო ე.წ. აგენტების კანონი არა რუსული, არამედ ამერიკულია, რომელიც მოყვანილია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.

„მთავარი არის სიმართლე, სიმართლე არის ის, რომ ეს არის არა რუსული კანონი, არამედ ამერიკული კანონი და ისიც შესაბამისობაში მოყვანილი ადამიანის უფლებებთან და შესაბამის სტანდარტებთან. ყველაფერი დანარჩენი არის ტყუილი! საუბარი გვქონდა დღეს ბოლშევიზმზე და ფაშიზმზე, სერგო ორჯონიკიძეებზე, გიგლა ბერბიჭაშვილებზე და ა.შ. ეს არის მათი მეთოდები, აქედან ჩანს, რომ როცა ეს ადამიანები, რადიკალები, „ნაციონალები“ საუბრობენ ევროპაზე, დასავლეთზე, ეს ყველაფერი არის ზუსტად ისეთივე ფარისევლობა, როგორც გუშინ ჰქონდათ გულზე დახატული ამბროსი ხელაიას ფოტო. სინამდვილეში, არაფერი აქვთ ახლო არც ევროპასთან, არც დასავლეთთან, ისინი არიან ჩვეულებრივი „ბოლშევიკები“, მათში გაცოცხლებულია „ბოლშევიკური“ სული, სერგო ორჯონიკიძის სული. აქედან გამომდინარე მოქმედებენ „ბოლშევიკური“ და ფაშისტური მეთოდებით და ეს გასდიოდათ 2012 წლამდე, არ გაუვათ ახლა, რადგან საქართველო არის სახელმწიფო”, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით უამრავი ტყუილი იყო გავრცელებული. მაგალითად, სტუდენტებს ეუბნებოდნენ, რომ თუ უცხოეთში სწავლისთვის დაფინანსებას მიიღებდნენ, ისინი უცხოური გავლენის აგენტებად გამოცხადდებოდნენ, რაც ტყუილია.

კობახიძს განმარტებით, საქართველო არის სახელმწიფო და ქვეყნის არევის ყველა მსურველი კანონის ფარგლებში, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს.

„საბოლოოდ, ვნებათაღელვა ჩაცხრება და საზოგადოებას შედეგად დარჩება არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსების გამჭვირვალობა, რომელსაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი უზრუნველყოფს. საზოგადოებას ზუსტად ეცოდინება, ვისი დაფინანსებით გაიმართა ბაკურიანის შეკრება, ვინ აფინანსებს „სირცხვილიას“, „დროას“ და სხვა ექსტრემისტულ ორგანიზაციებს, ვისი დაფინანსებით წარმოებს მართლმადიდებელი ეკლესიის საწინააღმდეგო ბოლშევიკური პროპაგანდა, ვისი დაფინანსებით ფერხდება ქვეყნის ენერგეტიკული განვითარება და სხვა.

ვფიქრობთ, რომ საზოგადოებას უნდა ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ ყველაფრის შესახებ და ამის მიხედვით უნდა გამოიტანოს დასკვნები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი