საბერძნეთში მომხდარი სარკინიგზო კატასტროფის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
მომხდარის გამო თანამდებობიდან გადადგა საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრი. მთავრობამ კი ინციდენტის გამომწვევი მიზეზების გამოძიების პირობა დადო. კატასტროფის შემდეგ რკინიგზის თანამშრომლებმა გაფიცვა მოაწყვეს და ხელისუფლება გულგრილობაში დაადანაშაულეს. პროტესტს მოქალაქეებიც შეუერთდნენ და აქციებმა მასშტაბური სახე მიიღო.
საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა, სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და სახელმწიფო დროშების დაშვების განკარგულება გასცა.
სარკინიგზო კატასტროფა საბერძნეთში 28 თებერვალს მოხდა. ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახა. ტრაგედიის დროს სამგზავრო მატარებელში 350-მდე მგზავრი იმყოფებოდა.