ეს შემთხვევა არ იძლევა საფუძველს, რომ რეგიონებში მიმდინარე სამუშაოების ხარისხზე ზოგადად ვისაუბროთ - ქარსელაძე სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის დაზიანებაზე

27 თებერვალი 2023, 16:05 358 ნახვა

სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის დაზიანების შემთხვევა არ იძლევა საფუძველს, რომ ქვეყანაში მიმდინარე სამუშაოების ხარისხზე ზოგადად ვისაუბროთ -  ამის შესახებ ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ხიდი მშენებარეა, მე-8 ბურჯის დაზიანებისას არავინ დაშავებულა. ასევე განმარტა, რომ საკითხის შესწავლაში შესაბამისი სამსახურები ჩართულები არიან და ჩატარდება ყველა აუცილებელი ღონისძიება, რაც დაზიანების გამომწვევ მიზეზებს გამოავლენს.

"სამტრედია-გრიგოლეთის ხიდის მშენებლობისას მე-8 ბურჯი დაზიანდა, რომელმაც ამ ბურჯზე დაყრდნობილი ორი ნაშენის ჩამოწოლა გამოიწვია. შესწავლა დაწყებულია და სანამ ის დასრულდება, მიზეზებზე რაიმე კონკრეტულის თქმა არ შეგვიძლია. ეს შემთხვევა არ იძლევა საფუძველს, რომ რეგიონებში მიმდინარე სამუშაოების ხარისხზე ზოგადად ვისაუბროთ. ჩვენს პროექტებს, მათ შორის ხარისხის ნაწილში, საერთაშორისო ზედამხედველები ადევნებენ თვალს და ნებისმიერ მიმდინარე თუ დასრულებულ, მიღებულ სამუშაოზე შესაბამისი დოკუმენტაცია იწარმოება. ამ კონკრეტულ ბურჯთან დაკავშირებით, ამოვიღებთ როგორც დოკუმენტაციას, ისე ჩავატარებთ დამატებით მოკვლევას.

მიუხედავად იმისა, რომ ხიდი მშენებარეა, არავინ დაშავებულა, რადგან სამშენებლო პროცესი აქტიური იყო. საკითხის შესწავლაში ყველა შესაბამისი სამსახური ჩართულია - სამხარაულის საექსპერტო ბიურო, პროკურატურა და სხვ. ჩატარდება შესწავლა და ყველა სხვა აუცილებელი ღონისძიება, რაც მიზეზის დადგენაში დაგვეხმარება. ეს არის პირველი შემთხვევა, რაც ჩემს პრაქტიკაში იყო და ჩვენი ოპერატიული რეაგირება მნიშვნელოვანია. მე პირადადაც გახლდით და პირადად ვნახე ადგილი“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში