ამ წუთებში იწყება ბიუროს სხდომა, რომელზეც "ხალხის ძალის" მიერ მომზადებულ ხმაურიანი დოკუმენტის შესახებ საპარლამენტო დღის წესრიგი გაიწერება.
"უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ" კანონპროექტის მიხედვით, უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს.
"ხალხის ძალის" ინიცირებულ კანონპროექტზე "ღრმა შეშფოთებას" გამოთქვამს გაერო. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ "ამ კანონპროექტის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას და მათ არსებით წვლილს საქართველოს დემოკრატიის მშენებლობაში".
საერთაშორისო ორგანიზაციების მსგავსად ფიქრობენ ოპოზიციაშიც. ამბობენ, რომ "ხალხის ძალის მიერ დაინიცირებული კანონპროექტის ორივე ვერსია არის რუსული ვარიანტი.
მმართველი გუნდი და კანონის ინიციატორები კი ამ ბრალდებებს უარყოფენ და მას ამერიკული მოდელის ანალოგად განიხილავენ.