საარჩევნო ადმინისტრაცია არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს მოუწოდებს, დროულად გაიარონ სარეგისტრაციო პროცედურები

27 თებერვალი 2023, 12:26 572 ნახვა

საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს სრული დატვირთვით მუშაობას იმისთვის, რომ 29 აპრილს ამომრჩევლებს მაღალ დონეზე ადმინისტრირებული არჩევნები შესთავაზოს,- ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესების ღიად, გამჭვირვალედ წარმართვა და ჩართული მხარეების ინფორმირება.

„შეგახსენებთ, რომ შუალედური და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შემდეგ ცესკო-სა და შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში საარჩევნო პროცესის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპი – არჩევნებში მონაწილეობის მიზნით საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციის პროცესი დაიწყო. ამ დროისთვის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრირებულია სამი საარჩევნო სუბიექტი.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებში მონაწილეობისა და კანდიდატების წარდგენის წესი და ვადები განსხვავებულია. საარჩევნო სუბიექტების რეგისტრაციასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია და შესაბამისი საკანონმდებლო აქტები განთავსებულია ცესკო-ს ვებგვერდზე. დაინტერესებულ პირებს ინფორმაციის მიღება შეუძლიათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში, ასევე ცესკოს კონტაქტ-ჰაბის მეშვეობით ნომერზე – 2 51 00 51.

29 აპრილს საქართველოს პარლამენტის და მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები, ასევე მერის რიგგარეშე არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გაიმართება.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს, დროულად გაიარონ შესაბამისი სარეგისტრაციო პროცედურები და საარჩევნო ადმინისტრაციასთან ერთად ხელი შეუწყონ საარჩევნო პროცესის დემოკრატიულად წარმართვას. საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიები ასეთი მასშტაბით 29 აპრილს პირველად იქნება გამოყენებული და მნიშვნელოვანია ყველა ჩართულმა მხარემ შეიტანოს საკუთარი წვლილი საქართველოს არჩევნების ისტორიის ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით განხორციელებაში“, – განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი