ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად - ირაკლი ღარიბაშვილი

13 თებერვალი 2023, 10:52 788 ნახვა

ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფირმებთან – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა მსოფლიოს მთავრობათა სამიტზე, სახელწოდებით „საქართველოს პოტენციალის ახალ ასპარეზზე გასვლა – გზა ეკონომიკურ კეთილდღეობამდე“.

მისივე განცხადებით, საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გაფართოებისთვის უფრო დიდ რეგიონში, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს საქართველოს გავლით.

"პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა 2022 წელსაც, რომლის მოცულობაც წინა წლებთან შედარებით გაორმაგდა და პრინციპში, 101,7%-ით იმატა. ჩვენმა გადამწყვეტმა ქმედებებმა ხელი შეუწყო საქართველოში ბოლო ორი წლის განმავლობაში 230 000 სამუშაო ადგილის შექმნას. წარმატებას მივაღწიეთ ინფლაციის 9,4%-ზე სტაბილიზაციის კუთხითაც, ხოლო სამიზნე ორიენტირად ინფლაციის 5%-მდე შემცირებას ვაპირებთ 2023 წელს. მრავალი ფართომასშტაბიანი ენერგეტიკული, ინფრასტრუქტურული და ლოგისტიკური პროექტი მიმდინარეობს და იგეგმება ჩვენი ეკონომიკის შემდგომი სტიმულირება და ჩვენი ხალხისთვის მეტი კეთილდღეობის მოტანა.

 

ჩვენი მიზანია, საქართველო ვაქციოთ ნამდვილ მრავალგანზომილებიან რეგიონულ ჰაბად და აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიოს წამყვან ფირმებთან. საქართველო ემსახურება ზღვაზე გასასვლელის არმქონე რვა ქვეყანას და არის კარიბჭე ევროპასა და აზიას შორის. ჩემი ქვეყანა უკვე თამაშობს მნიშვნელოვან როლს აღმოსავლეთ-დასავლეთის სავაჭრო ურთიერთობებში. საქართველო საერთაშორისო კომპანიებს სთავაზობს კონკურენტულ გარემოს ბიზნესის გაფართოებისთვის უფრო დიდ რეგიონში, რაც შეამცირებს მათ საოპერაციო ხარჯებს საქართველოს გავლით კომპანიებს შეეძლებათ ისარგებლონ ევროპის 2,3 მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე წვდომით, საბაჟო მოსაკრებლის და იმპორტის გადასახადის გარეშე. საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები ჩინეთთან, დსთ-თან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობისა და ასოციაციის ქვეყნებთან, უკრაინასა და თურქეთთან. გარდა ამისა, ჩვენ ვსარგებლობთ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცით მონიჭებული უპირატესობებით“, – განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის განცხადებით, მთავრობას აქვს ხედვა ძლიერი საქართველოს მიმართ, რომელიც ერთგულია თავისუფალი საბაზრო ეკონომიკისა და დემოკრატიული ინსტიტუტების იდეისადმი. ეს აისახება კიდეც ჩვენს მრავალგანზომილებიან მიდგომაში, რომელიც ქართველი ხალხის სტაბილურობას, მდგრადობას და პროგნოზირებადობას უზრუნველყოფს.

მისივე განცხადებით, წინ გადამწყვეტი გზა არის, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, კანდიდატის სტატუსი ჩვენი შემდეგი ეტაპია.

„როგორც მოგეხსენებათ, 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინა, როგორც კონკრეტული პასუხი ქართველი ხალხის მრავალწლიან არჩევანზე, 2022 წლის 23 ივნისს კი ევროპულმა საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. გადამწყვეტი გზა გვაქვს წინ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, კანდიდატის სტატუსი ჩვენი შემდეგი ეტაპია. ვიმედოვნებთ, რომ "აღმოსავლეთ პარტნიორობის" ქვეყნებში ლიდერი ქვეყანა, იზეიმებს ამ მიღწევას.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნული მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა არის მოქნილი და რეაგირებს ახალ რეგიონულ, გლობალურ, სოციალურ და პოლიტიკურ მოვლენებზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ირგვლივ არსებული გარემო მუდმივად იცვლება. მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ ჩვენი ხედვა საქართველოს მიმართ გულისხმობს სტაბილურობის, შესაძლებლობის და განვითარების სიმბოლოდ ქცევას. მზად ვართ, შევქმნათ ძლიერი დინამიკური ეკონომიკა, რომელიც სარგებელს მოუტანს ყველა ჩვენს მოქალაქეს"- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი